პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: "ყველა ცდილობს, რუსეთს ზედმეტად არ აწყენინოს. მათ ეს მოახერხეს"

interv-news2თბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ჟურნალისტმა ია ანთაძემ 2011 წლის 19 ოქტომბერს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად, ყოველგვარი შესწორების გარეშე გთავაზობთ:

- ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?

- მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს - ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანაშემწის - ირაკლი ღარიბაშვილის - სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს „ქართუ ბანკი“; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ - ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.

დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.

- პირადად თქვენი შესაძლო დეპორტის შესახებ რომ განაცხადეს, ამაზე რას იტყვით?

- ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს. მათ რომ გადანაწილებული ჰქონდეთ ფუნქციები სამინისტროებზე, ასეთ უმეცრებას არ ჩაიდენდნენ. ისიც კი ვერ გათვალეს, რომ თუ ჩემ შემთხვევაში რაღაც მოსადავებელი კიდევ იყო, ჩემი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ შეიძლება დაისვას.
ერთმა დეპუტატმა ქალბატონმა ახსენა 90 დღე და დეპორტაცია. ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ერთი წელი აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება. მათი უბედურება ის არის, რომ მაგ გუნდში ჭკვიანი კაცი არ ჩანს, რომ სწორად გააანალიზოს ვითარება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თქვან - ეს კაცი საშიშია სახელმწიფოსთვისო - და ჩემი დეპორტაცია გადაწყვიტონ. მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ამით მხოლოდ მდგომარეობას გაიუარესებენ.

მათ უნდათ, მთელ ქვეყანას შავი ფარდა გადააფარონ; შუქი სადაც აღწევს და ვინც რაღაცას ხედავს, ისინი დააშინონ; მეორე ნაწილი კი სიცრუის მანქანით მოატყუონ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ, ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ.

ძალიან არ მომწონს მათი არასწორი ნაბიჯები და ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ესენი როგორმე შევაჩეროთ, როგორმე კანონიერების ფარგლებში დავაბრუნოთ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ შიდა ტემპერატურა დავწიო, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობთ. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ.

- ბიზნესმენი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია და პირადი კეთილდღეობით რისკავს. პოლიტიკოსი იძულებულია, გადაწყვეტილებები სხვებთან შეათანხმოს და მის რისკებზე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თუ ხელისუფალი იმას აკეთებს, რაც მას სურს, ესე იგი, ქვეყანაში ავტორიტარიზმია. ბიზნესიდან წამოღებული რა გამოცდილება გამოგადგებათ პოლიტიკაში და რამდენად ხართ მზად კომპრომისებისა და შეთანხმებებისთვის?

- სინამდვილეში, ძალიან ბევრია საერთო, განსხვავება კი - ცოტა. ჩემს კომპანიებში, სადაც 100 000 კაცი მუშაობდა, ყოველთვის 10-12 კაცთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებას. ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი. არ შეიძლება, კაცმა წარმატებას მიაღწიო, თუ შენ კარნახობ ყველას, რა უნდა გააკეთოს - როგორც ჩვენი მთავრობა იქცევა.
ვინც წარმატებას მიაღწია - და მე არ ვიქნები გამონაკლისი - ის ყოველთვის მაქსიმალურ ოპონირებას მოითხოვს, რათა შეცდომა არ დაუშვას. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას.

ბიზნესმენი, რომელიც ვერ ახერხებს დემოკრატიულ მართვას, ვერ ახერხებს ოპონენტების მოსმენას და ისეთი გუნდის შექმნას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლად გამოითქმება სხვადასხვა აზრი, ჩემი აზრით, სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის შედეგი იყო, რომ როდესაც დეფოლტი მოხდა და ბანკი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, არც ერთი თანამშრომელი ადგილიდან არ დაძრულა, თვეობით მუშაობდნენ უხელფასოდ.

ახლა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი შევადაროთ. დემოკრატია რა არის? ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბიზნესმენი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ ლიბერალი არ არის და ერთპიროვნულად მართავს. მეორე მხრივ, პოლიტიკოსიც პირადი წარმატებისთვის იღვწის, თუმცა, ცდილობს, სხვაგვარად წარმოჩინდეს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასეა.
წარმატებისკენ სწრაფვაში პოლიტიკოსი ბიზნესმენისგან არ განსხვავდება, პირიქით, ხშირად უფრო მეტადაც აგრესიულია. ბიზნესმენი თანდათან იზრდება და თვითონ ქმნის თავის სამოქმედო არეალს, პოლიტიკოსი კი მოდის გამზადებულზე და საზოგადოებისგან უკვე შექმნილის მოხმარებას იწყებს. ნიჭიერ პოლიტიკოსს შეუძლია - და ამის მაგალითი ბევრია - რომ სახელმწიფოც განავითაროს და სკამიც შეინარჩუნოს. უნიჭო და ნაკლებად ნიჭიერი, რომელიც ორივეს ერთად ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე სკამს აყენებს და ყველაფერზე მიდის მის შესანარჩუნებლად. გააჩნია, რა დონეზე მისცემს ამის უფლებას საზოგადოება. სინამდვილეში, სხვაობა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს შორის არც თუ ისე დიდია მართვის კუთხით.

- ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქმედურანიანი, ენერგიული მთავრობა. ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმედით შეჰყურებდა. შემდეგ ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული და მიუღებელი გახდა. თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ხელისუფლებისადმი ნდობა უნდობლობად გადააქცია?

- ქმედუნარიანი მთავრობა?! ვერ დაგეთანხმებით. რამდენიმე პროექტი მართლაც განხორციელდა. პოლიციაში მოხდა რეფორმა და ის სირცხვილიც მოვიშორეთ, როდესაც უმაღლესში ქრთამით ეწყობოდნენ. მე არ მინდა, რომ ის კარგი დავკარგო, რაც გაკეთდა. მაგრამ განათლების სისტემაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, რაზეც ახლა არ შევჩერდები. საუბედუროდ, პოლიციამაც ის ეფექტურობა მთლიანად დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა - პრაქტიკულად, სათავისოდ და ხალხის დასაშინებელ მანქანად იყენებენ.

ამიტომაც, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ქმედუნარიანი მთავრობა შეიქმნა. თანამდებობის პირთა მუდმივი გადაადგილებები საბავშვო თამაშებს ჰგავს. მართლაც ქმედუნარიანი მთავრობა ცოტა სხვანაირ შედეგებს მიიღებდა. ქმედითი შექმნეს ფულის შეგროვების მექანიზმი ბიუჯეტში, რაშიც მეც მივეხმარე და რასაც შევარდნაძის მთავრობა ვერ ახერხებდა.
სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ უნდა მოკრიბოს გადასახადი. საგადასახადო სამსახურში და საბაჟოზე ფულის დიდი ნაწილი ადგილზე რჩებოდა და ნაწილდებოდა, იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტში წასულიყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. პირველ ეტაპზე ეს იყო ეფექტური, როცა ბიუჯეტს თავისი სახე მიეცა. რაღაც ინვესტიციები შემოვიდა, მშენებლობები დაიწყო, მაგრამ დიდი და სერიოზული ინვესტიცია აქ არ განხორციელებულა.

ფულის შეგროვება რომ მოახერხეს, ეს ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, წარმოუდგენელია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც ფინანსთა სამინისტროში ხდება. ან რას ჰგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?! ფინანსთა სამინისტრო და ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ გადაიქციეს. ატარებენ კონცერტებს, უაზრო ღონისძიებებს, ეს ნონსენსია. ასეთი რამ ვერ მოხდება, მაგალითად, საფრანგეთში, რომელიც საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა.

- მაინც, რა იყო მიზეზი, რომ ნდობა უნდობლობით შეიცვალა? ყველამ თავისი გზა გაიარა ნდობიდან უნდობლობამდე. თავიდან ხომ იყო ნდობა?

- დიახ, ნდობა იყო და მეც ეიფორიაში ვიყავი. ცალ-ცალკე ვიტყვი, რა იყო უნდობლობის გაჩენის მიზეზი ჩემთვის, და რა იყო, ჩემი აზრით, იმავეს მიზეზი ხალხისთვის. ნდობამ ჩაქრობა დაიწყო მაშინ, როცა ამათ თავისი რეალური სახის ჩვენება დაიწყეს; როცა რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო სახლებს ანგრევდნენ, როდესაც დამსახურებულ ადამიანებს აბუჩად იგდებდნენ და ასე შემდეგ.

დიახ, ეიფორია ნამდვილად იყო, რომ მოვიდა დემოკრატიული მთავრობა. მეც ამ განწყობით ვიყავი. თუნდაც, იგივე მეცხრე არხი, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ სათადარიგო არხად მქონდა. მთელმა პერსონალმა იცოდა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ჩვენ გამოვიწევდით წინა პლანზე თავისუფალი სიტყვის დასაცავად. როცა ეს მთავრობა მოვიდა, ვერ ვიკადრე, რომ ამ ტელევიზიას ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ვფიქრობდი, რომ, ასრულდა ჩვენი ოცნება და არ მინდოდა, ჩასაფრებულის როლში აღმოვჩენილიყავი. ხელისუფლებას ვაჩუქე ტელევიზია, რომლის ნაწილი „რუსთავი 2“-ს მისცეს, ნაწილი, მე მგონი, პირველ არხს გადაულოცეს.

გახსოვთ, ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ აპატიეს... ამას მოჰყვა უკანონო ნგრევა, ქონების წართმევა, კიდევ სხვა და სხვა... ხალხმა ჩემზე ადრე დაიწყო სინამდვილის გაცნობიერება.
მათ ნელ-ნელა გამოაჩინეს საკუთარი სახე. დღეს ხომ არ დაბადებულან? ყოველთვის ასეთები იყვნენ. მე, ჩემდა სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, მქონდა ჩემი დღის რეჟიმი, დაკავებული ვიყავი ოჯახით, არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს. საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. ჩემთვის ინფორმაცია ან თავად სააკაშვილს მოჰქონდა, ან მერაბიშვილს, რომელსაც ხანდახან მიშა გამოგზავნიდა ხოლმე, როცა ჩამოსვლა არ შემეძლო. მთავრობაშიც თითქმის არავის ვიცნობდი.

არადა, თავიდან ყველანაირად გვერდში ვედექი - რჩევით, ფინანსებით. ვეუბნებოდი, ოღონდ თქვენ კორუფცია მოსპეთ და წესრიგი დაამყარეთ, რაც საჭიროა, ყველაფრით დაგეხმარებით-მეთქი. საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში, იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდი.

დრო რომ გადიოდა, რაღაცეები მესმოდა და არ მომწონდა, მაგრამ 7 ნოემბერს უკვე ძალიან დავიძაბე და მიშას დავურეკე. მითხრა, მე მოგცემ ყველა მასალას, მერაბიშვილი ჩამოვა და ჩამოგიტანსო. ამასობაში „იმედის“ ამბები დატრიალდა. ძალიან გაცეცხლებულმა დავურეკე, ჭორვილაში ვიყავი. კატეგორიულად მოვთხოვე: „შეაჩერე!“ მეუბნებოდა: „შენ არ იცი, რა ხდება... საშინელება ხდება... სახელმწიფო გადატრიალება ხდება... მერე აგიხსნიო“. მეორე დღეს ჩამოვედი და ვკითხე, აბა, რა მოხდა-მეთქი. რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდათ რეალური, რითიც დამარწმუნებდნენ. სულ მეუბნებოდა, შენთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასიაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენს ურთიერთობაზე აღარ იყო საუბარი - „სასწრაფოდ გადადექი და საზოგადოებამ შეაფასოს შენი საქციელი. პირდაპირ გეუბნები, რომ ჩემთვის მიუღებელი პრეზიდენტი ხარ“. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, გადავდგებიო. მერე გავიგე, რომ ამაში უცხოეთიც ყოფილა ჩარეული.

გამიხარდა, რომ გადადგა. მაგრამ ამით რაღაც პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. რადგან რჩევით დახმარებას მთხოვდა, მეც, ნაწილობრივ, ჩავერთე პროცესში. ტელევიზორის ყურება დავიწყე და ამასობაში მივხვდი, რომ არ ყოფილა საქმე ისე, მე რომ მეგონა. თურმე, თბილისელები დასანახად ვეღარ იტანდნენ.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დავინახე, რომ ამან საზოგადოების ისე განაწყენება მოახერხა, - ხმებს ვერ აგროვებს. ვუთხარი - ისე ჩანს, არჩევნებს ვერ მოიგებ-მეთქი. თავიდან იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამომიტყდა, მძიმედ არის საქმეო. უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ დაწყებულის გაწყვეტა და პროცესიდან გამოსვლა ვერ ვიკადრე, მაგრამ კონტაქტი შევამცირე. ძალიან შემრცხვა ჩემი თავისა ამ ყველაფრის შემდეგ. განვიცადე, რომ სწორი პოზიცია ვერ დავიჭირე დროულად. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცბა და მითხრა - მტოვებო? მე კი ვუპასუხე, რას ნიშნავს, გტოვებ - ინაუგურაციის დღე გაქვს, არჩევნებს ხომ არ იწყებ-მეთქი. ასე დამთავრდა ეს ამბავი.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ნდობა იმის გამო ხომ არ დაკარგა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდა? პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას მუდმივად გაჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო ყველა ადგილობრივ არჩევით ორგანოში - უმრავლესობა; რაც სახელისუფლო პარტიას საშუალებას აძლევდა, არავისთვის გაეწია ანგარიში და თვითნებური გადაწყვეტილებები მიეღო.

- გეთანხმებით. როდესაც მე ვამბობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალ, ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას - ⅔-ს პლუს ერთი. ჩემთვის იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც და მეტიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია.

როცა პარტია სულ რამდენიმე ადამიანით არის წარმოდგენილი პარლამენტში და გუნდი არ ჰყავს, ხედვებს ვერ აყალიბებს და პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას იმიტომ ვხედავ, რომ, უფრო პატარა გუნდით არსებით სისტემურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, ვინაიდან ჩვენი და “ნაციონალების” ხედვები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ კონსტიტუცია გავმართოთ.

- როგორი იქნებოდა კარგი კონსტიტუცია თქვენთვის? რა პრეტენზია გაქვთ ამ კონსტიტუციასთან?

- ამათ ხელწერას ვხედავ - როცა უნდათ და როგორც უნდათ, ერთ ღამეში ისე გადაწერენ და მოირგებენ კონსტიტუციას, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და მიაღწიონ სინგაპურიზაციას, თუ რაღაც ასეთს... მაგათ რომ ჰკითხო, სულ ეგენი უნდა იყვნენ და იყვნენ. კარგი ის კონსტიტუცია კი არ იქნება, რომელსაც მე დავწერ, არამედ, ის, რომელზეც საზოგადოება შეთანხმდება. ასევე, უნდა შედგეს - რასაც მიშასაც ვთავაზობდი - ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა: რა უნდა გაკეთდეს დასავლეთში, აღმოსავლეთში, მთაში, ბარში... ეს გეგმა უნდა შეადგინონ პროფესიანალებმა და ის მისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის. მე კი მაქვს ჩემი წარმოდგენა, მაგრამ მარტო არაფერს გადავწყვეტ, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი წესით სურს ცხოვრება.

- მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას ხსნიდა იმით, რომ ქვეყანაში სწრაფ და ეფექტიან რეფორმებს მხოლოდ ერთიანი, შეკრული გუნდი გაატარებდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები არც მთავრობაში ფერხდება და არც პარლამენტში, მაგრამ ამ რეალობამ შეიწირა დემოკრატია. ხომ არ ჯობდა, რეფორმები უფრო ნელა, დებატებისა და დისკუსიების ფონზე წარმართულიყო, რაც, მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვების წყვეტის ფასად დაუჯდებოდათ, მაგრამ ასეთ რეჟიმში მუშაობა მოსახლეობას ბევრი თვითნებური გადაწყვეტილებისგან დაიცავდა? ის არგუმენტი, რაც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად ემთხვევა სააკაშვილის არგუმენტს.

- რეფორმების ექსპორტიორი ქვეყანა ვართო, რომ აცხადებდნენ, რეალურად, ორი რეფორმა გაატარეს და ორივე დიდი ხარვეზებით, რაზეც ზემოთაც გესაუბრეთ. ამის გარდა, მათ არც ერთი რეფორმა არ განუხორციელებიათ.

მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ, არც იციან და ვერც შეიძენენ ვერასდროს. რაც მოხდა, ამათ სიჩქარის გამო კი არ მოუვიდათ, არამედ - უცოდინრობით. ვერ დავწამებ, რომ არ უნდოდათ. ბევრი მეუბნებოდა, ესენი ქვეყნის დასანგრევად არიან მოსულებიო. მე ამას ვერ ვიზიარებ. ბევრ რამეს მათი უმეცრებითა და თავისებურებით ვხსნი.

ახლა თქვენ მეუბნებით, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, თქვენც იმავეს ამბობთ და რატომ უნდა დაგიჯეროთო. რამდენიც უნდა ვირტყა გულში ხელი, რა თქმა უნდა, თეორიულად ამის საფრთხე არსებობს. თუმცა, იმისთვის, რომ მენდოთ, წარსულში უნდა გავიხედოთ, ჩემი გავლილი გზა უნდა გაითვალისწინოთ - რას მივაღწიე და რა დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ.

შეიძლება, მსოფლიოში ვერ ნახოთ მაგალითი, როცა კაცს პოლიტიკა კატეგორიულად არ უნდოდა და მაინც პოლიტიკაში მოვიდა. როცა ვამბობ, რომ ევროპელები შეიძლება გავაკვირვო დემოკრატიით, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რამის გაკეთება შედარებით იოლად შეიძლება. თუმცა, მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო.

- და მაინც უნდა ჩაგეძიოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ცუდად დაებედა .. “აბსოლუტური უმრავლესობის” სინდრომი. შეუძლებელია, დავივიწყოთ, რომ პარტიები ხელისუფლებაში მოდიოდნენ დიდი უმრავლესობით და დიდი ნდობით, მაგრამ მიდიოდნენ პოლიტიკური კატაკლიზმებით. მათ ადგილს იკავებდა ახალი უმრავლესობა - იმავე პერსპექტივით. თქვენ საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოხვალთ და ორ-სამ წელიწადში არსებით რეფორმებს გაატარებთ. თავად ეს უმრავლესობა ხომ არ აღმოჩნდება საფრთხე, ერთი მხრივ, თქვენთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის? უკეთესი ხომ არ იქნება, რომ მოჯადოებული წრე გაირღვეს და ძალთა ბალანსზე დამყარებული პარლამენტი ჩამოყალიბდეს? თუნდაც, შეიქმნას კანონი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარს განუსაზღვრავს და კოალიციის შექმნას აიძულებს?

- ძალიან კარგი კითხვაა. ზუსტად ამას ვაპირებ, როცა კონსტიტუციურ ცვლილებებზე ვსაუბრობ. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომ გამოვრიცხოთ რისკები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის იდეალური ბალანსით - ერთი მესამედით - რომ მოვიდეთ - ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. მე კი ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავ და ამის შემდეგ ხელისუფლებიდან წავალ. აქამდე ეს არ მითქვამს: ვაპირებ, გადავიდე ჩვენ მიერ შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში. როცა ჩემს პირველ წერილში ვთქვი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ წავალ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მთავრობის პირველი ოპონენტი მე ვიქნები და ყველანაირად გავაძლიერებ ოპოზიციას, რათა სათანადო კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას. ამის პრეცედენტი მინდა, რომ შევქმნა.

- ახლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ, რომელიც გულზე ჩამოკიდებული ლოდივით გექნებათ: გინდათ, მოხვიდეთ უმრავლესობით, რათა შექმნათ კონსტიტუცია და ქვეყნის მართვის მოდელი, რომელიც ერთპარტიულ მართვას და ავტორიტარიზმს გამორიცხავს.
- დიახ, კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ავტორიტარიზმისგან მხოლოდ კონსტიტუცია ვერ დაგვიცავს. საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. სწორედ საზოგადოების გაძლიერებას ვაპირებ, ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.

- ბევრი კრიტიკა ისმის დღევანდელი მთავრობის პერსონალური შემადგენლობის მიმართ. აპირებთ თუ არა, საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადოთ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შედარების საშუალება?

- ჩრდილოვან კაბინეტზე ჯერ არ მიფიქრია, მზა პასუხი არ მაქვს. ნელ-ნელა შემექმნება ხედვა, ვის რა შეუძლია და ვინ სად აჯობებს, რომ დადგეს. ზოგს არ მოსწონს ალასანია, ზოგს რესპუბლიკელები, ზოგს სხვა და ზოგს - სხვა. მაგრამ, ჩვენი საზოგადოება ეს არის. მთვარიდან ხალხს ვერ მოვიყვან. მეც ბევრს არ მოვწონვარ... უნდა გავიგოთ, რომ არჩევანი ჩვენი საზოგადოებიდან უნდა გავაკეთოთ. მეც აქედან შევარჩევ ოპტიმალურ ვარიანტს.

- ბევრი დარწმუნებულია, რომ თქვენ არჩევნების მოსაგებად საკმარის ხმებს მოიზიდავთ; ასევე, ბევრი ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე არჩევნებში თქვენს მონაწილეობასაც კი ეკარგება აზრი - რადგან ნაციონალური მოძრაობა მაინც იმ შედეგს დადებს, რაც მას სჭირდება. როგორ აპირებთ, აიძულოთ ხელისუფლ





E-mail: saqinform@mail.ru