თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. მართალია, შს სამინისტრო და მინისტრი მერაბიშვილი გვარწმუნებენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი თითქმის აღარ ხდება, მაგრამ ორიოდე დღის წინათ შუა რუსთაველზე ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა.
2011 წლის 17 ოქტომბერს, დახლოებით 3-4 საათზე, რუსთაველის თეატრის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ, რის შედეგადაც 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. ახალგაზრდა მალევე ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, მოტივი 2010 წლის მარტში გრიბოედოვის ქუჩაზე „არტ კაფეში“ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მაშინ მოკლულ იქნა 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი.
არაოფიციალური ვერსიით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა სანდრო გოგბერაშვილის მამამ შურისძიების გამო ჩაიდინა.„2010 წლის 15 მარტს გრიბოედოვის ქუჩაზე კაფეში მეგობრებს შორის დაწყებული კამათი სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობით დასრულდა. მომხდართან დაკავშირებით სამი ეჭვმიტანილი გამოვლინდა – 20 წლის ლევან ჩიჩუა, მისი ძმა დავით ჩიჩუა და ზურაბ ტარყაშვილი“.
როგორც გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებნი იხსენებენ, მომხდარს წვიმის გამო თვითმხილველები არ ჰყოლია, თუმცა ხმაური ბევრს ესმოდა. მათი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლის შემდეგ ზედიზედ კიდევ რამდენჯერმე გაისროლეს.
გარდაცვლილს ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი. მკვლელობა საღამოს, დაახლოებით ცხრის ნახევარზე, მოხდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც შემთხვევის ადგილას მივიდა, გარდაცვლილის დედა იყო. ის სამსახურიდან ბრუნდებოდა და ახალმოკლული შვილის გვამს წაადგა. მამაც ხმაურზე მოვიდა და მანაც შემთხვევის ადგილას ნახა გარდაცვლილი შვილი. გოგბერაშვილებს მეორე ბიჭი, 15 წლის ირაკლი, რამდენიმე წლის წინათ, ასევე, ჩხუბის დროს დანით მოუკლეს.
სწორედ ორი დღის წინათ გარდაცვლილი ზურაბ ტარყაშვილი იყო სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის მონაწილე, თუმცა ის ციხიდან ერთ წელიწადში გამოვიდა. ორშვილმკვდარმა მამამ კი სამართლის აღსრულება თავადვე შურისძიებით გადაწყვიტა...
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლსი საქმე. შსს ჯერჯერობით გამოძიების დეტალებს არ ახმაურებს.