სამართალი
„ქართუს“ თანამშრომლები გაათავისუფლეს, თუმცა ივანიშვილის წინააღმდეგ საქმე გრძელდება

qartuთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ბანკი „ქართუს“ 6 დაკავებული თანამშრომელი ძველი თბილისის სამმართველოში 5-6 საათის განმავლობაში ადვოკატის გარეშე იკითხებოდნენ, დაკითხვის შემდეგ კი ისინი გაათავისუფლეს. ადვოკატ ლილიკო გელაშვილის განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები სამმართველოსთან იყვნენ და საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, განყოფილებაში არ შეუშვეს. გათავისუფლების შემდეგ კი ბანკი „ქართუს“ თანამშრომლები ძალიან დათრგუნულები იყვნენ და ადვოკატებთანაც ვერ საუბრობდნენ“.

„როდესაც დაკავების მომენტი გაიხსენეს, აღნიშნეს – სამართალდამცველები კი არა, დამყაჩაღებლები გვეგონაო. ფიზიკურ ზეწოლაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მათ რაღაც ათქმევინეს“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი გუშინ, დაახლოებით, 17:00 საათზე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, მათ თან დიდი ოდენობით ნაღდი ფული ჰქონდათ. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ბიზნესმენის წინააღმდეგ „აგრესიულ და კრიმინალურ შეტევად“ აფასებს.

რაც შეეხება ბანკ „ქართუს“ კუთვნილი საინკასაციო მანქანას და ფულად თანხას, ისინი ძალოვან უწყებაში დაიტოვეს.