სამართალი
თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, დეპარტამენტის იმ ათმა თანამშრომელმა, რომლებიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ, ცეცხლსასროლი იარაღი უკვე ჩააბარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.
„ეს პირები დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, რომლებიც ბიზნესმენთან ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ. როგორც მათ განემარტათ, იარაღის ჩაბარება ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას უკავშირდება, რადგან დაცვის პოლიციას, როგორც საჯარო სამსახურს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყოფის უფლება არ აქვს“, – განმარტა ადვოკატმა.მისივე თქმით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის დაცვას კვლავ განახორციელებენ, ოღონდ – იარაღის გარეშე.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ ეკა ბესელიას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს განიარაღება მოსთხოვა.
მისი თქმით, ივანიშვილის დაცვის უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მირიან ბაიდაშვილი, რომელმაც ბიზნესმენის დაცვის უფროს ანზორ ჩუბინიძეს და სამსახურის სხვა წევრებს დეპარტამენტში მისვლა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა.