„ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გულშემატკივარს ატყუებს
თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ „ვისოლმა“ გასულ წელს ჩაიბარა და კლუბის კუთვნილ ინფრასტრუქტურას გარკვეულწილად მიხედა კიდეც. „ტორპედოს“ სტადიონზე ზაფხულში გამოიცვალა საფარი და ხელმძღვანელები ლიცენზიას ელოდებიან, რომ საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლება მიეცეს სტადიონს. თუმცა ამ ლიცენზიის მიღებამდე სტადიონზე დრენაჟის სისტემაა მოსაწესრიგებელი, რადგან ყველას კარგად ახსოვს, მინდორზე „ტორპედო“-„ბაიას“ დაპირისპირების დროს მუხლებამდე წყალი რომ იდგა. „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად სექტემბრის ბოლოს 5 წლით გია გეგუჩაძე დაინიშნა. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართულ ფეხბურთში. თუმცა გეგუჩაძის ყოფილ კლუბში მუშაობდა თემურ მახარაძე 5-წლიანი კონტრაქტით და ამით ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ნამდვილად ვერ გაგვაკვირვებს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 26 სექტემბერს „ტორპედოს“ პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე და ახალი მწვრთნელი გია გეგუჩაძე დავით მინაშვილთან „საფეხბურთო მიმოხილვის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ლევან ფხაკაძემ განაცხადა, რომ მათთვის უმთავრესი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ „ტორპედოს“ ბაზაზე ორი მოედანია – ხელოვნური და ბუნებრივსაფარიანი. „მთლიანად მიმდინარეობს ბაზის რეკონსტრუქცია, სადაც განთავსდება კიდეც აკადემია, სადაც არსებობს ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი და მიმდინარეობს სხვა მოედნების მშენებლობაც. ჩვენ გიასთან ერთად ვისაუბრეთ, რის დამატება შეგვიძლია“, – ეს ლევან ფხაკაძის განცხადებაა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში.
თუმცა საქინფორმის კორესპონდენტის მიერ გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ „ტორპედოს“ ბაზაზე ბუნებრივსაფარიანი მოედანი ამ დრომდე არ არსებობს.
საქინფორმის ინფორმაციით, ქუთაისში თვეზე მეტია, ლაზერულ გრეიდერს ელოდებიან, რომელმაც მიწა უნდა მოასწოროს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საფარის დაგება. ასე რომ, სულ მცირე, წლის ბოლომდე ბაზაზე ბუნებრივი საფარი ვერ დაიგება, ბატონი ფხაკაძის განცხადება საჯაროდ კი, უბრალოდ, სიცრუეა. საინტერესო კი ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტის გამოსვლასა და საჯარო განცხადებაზე, როცა იგი ამაყობს ბაზის მინდვრებით, არცერთ ადგილობრივ ქომაგს არ ებადება კითხვა – რატომ ატყუებთ მათ უშუალოდ ხელმძღვანელი პირი.