თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯი გახსნეს.
პროფესიული კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საქმიანობიდან გამომდინარე შეიქმნა. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ფონდი რამდენიმე წელია, პროფესიულ სახელობო პროგრამებს სოციალურად დაუცველ მოზარდებს ასწავლის.2010 წელს მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო პროფესიული კოლეჯი დაარსდა და ამით ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში მოექცა. 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასწავლებელს ავტორიზებული კოლეჯის სტატუსი მიენიჭა.
კოლეჯი დიღომში, ყოფილი მექანიზაციის ინსტიტუტის შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ახალი სასწავლო წლიდან სასწავლებელი სპეციალური ლაბორატორიებითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.
კოლეჯი სამინისტროს მიერ აღიარებულ შემდეგ პროფესიულ მიმართულებებს ახორციელებს: ოფისის მენეჯერი, მასაჟისტი, კორესპონდენტი, ექთნის თანაშემწე (მომვლელი, ძიძა, გერიატრი), ბუღალტერი, გიდი, მემინანქრე.