თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სამართლებლივი სტატუსი მიენიჭებათ. შესაბამისი ცვლილებები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში შედის.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და პრინციპები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ და ამ პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მთელი რიგი პრივილეგიები მიენიჭებათ, რასაც ამავე საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები ითვალისწინებს. კერძოდ, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებით, თანამემამულე, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა, უფლებამოსილია, ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა. ამასთან, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა იქნება საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი. მოქალაქეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მომსახურებისათვის იგი 25-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით, აღნიშნული სტატუსის მქონე პირები საქართველოს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლებით ისარგებლებენ.
სპორტის შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებით კი, შესაბამის სახეობებში, საერთაშორისო ფედერაციების თანხმობის შემთხვევაში, ისინი სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს ეროვნული ნაკრებების შემადგენლობაში მიიღებენ მონაწილეობას.