თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილით ჩაანაცვლებს.
როგორც ნათელაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „მას შემდეგ, რაც ბუშის „ვარდებიანი“ გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილი სრულად გაკოტრდა და პოლიტიკურ ტრაგიკომედიას ამთავრებს, ვაშინგტონმა, რომლის კოლონიაც საქართველოა, მიიღო ზომები სამომავლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების და, უპირველესად, „ლეიბორისტული პარტიის“ მოსვლის არდასაშვებად“.
„იციან რა ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მონური თაყვანისცემა ფულიანი კაცისადმი, გამონახეს ახალი „სოროსი 2“ ქართული გვარით – ივანიშვილი, რომელიც რეჟიმის ფინანსური ბურჯი იყო ყოველთვის და რომლის მილიარდები ინახება ამერიკა-ევროპის ბანკებში, რაც, შესაბამისად, ჩვენი უცხოელი ბატონებისათვის უზრუნველყოფს ამ პიროვნების 100%-იან მართვას. შედეგად ხალხისთვის წართმეული ქონება კვლავ დარჩება გაბატონებული კლანის ხელში, ძალაუფლება შეუნარჩუნდება მმართველ ელიტას, საგარეო პოლიტიკა დარჩება ნატოსა და ამერიკაზე ორიენტირებული, რაც გამორიცხავს აფხაზეთ-ცხინვალის დაბრუნებას და გააღრმავებს საქართველოს დაშლის პროცესს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.მისივე თქმით, 2003 წელს, როცა ხალხმა „ლეიბორისტულ პარტიას“ არ დაუჯერა და სააკაშვილ-მერაბიშვილის გზას გაჰყვა, საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიიღო შედეგად.
„იმედია, დღეს მაინც ჩვენი საზოგადოების მშიერმუცელა ნაწილი არ გაკიკუვდება და კვლავ არ გაყიდიან ფულზე ქვეყანას“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
ამასთან, ნათელაშვილს მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო განცხადება შეახსენეს, რომელშიც ის ამბობდა, რომ ივანიშვილი კარგი პრემიერი იქნებოდა. ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ბატონი ბიძინა კარგი პრემიერი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ეროვნული ძალების მხრიდან მოვიდოდა და არა – ამერიკის.