პუბლიკაციები
„საქართველო წინასაარჩევნო პერიოდში – თამაშის წესები“

konf3თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში 2011 წლის 13 ოქტომბერს რუსულ-ქართული საექსპერტო ცენტრი „კავკასიური თანამშრომლობის“ ეგიდით სასტუმრო „ვერე პალასის“ საკონფერენციო დარბაზში  კონფერენცია-სემინარი გაიმართა. სემინარი თემას – „საქართველო წინასაარჩევნო პერიოდში – თამაშის წესები“ – მიეძღვნა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მთელი საარჩევნო სისტემა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში დღემდე ჩატარებულა. თემასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობისა და ტექნოლოგიების ცნობილმა ექსპერტებმა კახი კახიაშვილმა, ნანა დევდარიანმა, გიორგი ზესაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის წარმომადგენელმა, იურისტმა თენგიზ ომანიძემ ისაუბრეს. ღონისძიებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სემინარის მსველობისას გიორგი ზესაშვილმა (ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი თავმჯდომარე), რომელიც საქართველოში ჩატარებულ თითქმის  ყველა არჩევნების უშუალო მონაწილეა, ბოლო 20 წლის განმავლობაში  ჩატარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უნიკალური მიმოხილვა წარმოადგინა. დეტალურად განიხილეს არჩევნების  პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოები, დარღვვევები, ხარვეზები შეცდომები... აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დრო გადის, ყოველ ახალ არჩევნებში დემოკრატიულობისა და სამართლიანობის მაჩვენებლები სულ უფრო კლებულობს.

სემინარზე ისაუბრეს საარჩევნო სისტემის „აქილევსის ქუსლზეც“ – საარჩევნო სიებზე. სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყოველ ახალ არჩევნებზე, მიუხედავად კატასტროფულად მზარდი მიგრაციისა, ამომრჩეველთა სიები არაადეკვატურად თვალშისაცემად იზრდება. „საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში არჩევნების თითქმის ყველა მოდელი განხორციელდა, მაგრამ არცერთმა არ გაამართლა. საქმე ისაა, რომ სწორი და ზუსტი ამომრჩევლების სიების გარეშე საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია“, – განაცხადა გიორგი ზესაშვილმა.

გამომსვლელების აზრით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისევ რჩება საარჩევნო უბნები, რომელთა გაკონტროლებაც დღემდე დიდი პრობლემაა. მათი მოსაზრებით, თითოეულ საარჩევნო უბანზე ძალები უნდა დაბალანსდეს. ყველა პარტიას, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, საშუალება უნდა მიეცეს, ყველა საარჩევნო უბანზე საკუთარი წარმომადგენელი წარადგინოს, რადგან გაყალბება სწორედ საარჩევნო უბნებზე ხდება და არა ზემდგომ ინსტანციებში.

„ზუსტად ვიცი, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან  აბსოლუტურად ყველა უბანზე დარეკეს და გააფრთხილეს, რომ ოქმებში არ ჩაეწერათ რამე ზედმეტი, იცოდნენ, ისედაც „მოგებული“ ჰქონდათ  არჩევნები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა გამგებელმა და უბნის წევრმა ყურადღების მიქცევის მიზნით ათასი ტყუილი ჩაწერა, რათა შემდგომში ეს შრომა დაფასებოდა და რაიმე კარგი სამსახურითვის გამოეკრა ხელი. უბნის წევრების თანამდებობა, დაფინანსება დროებითია, ამიტომ ისინი თვლიან, რომ ესაა ის ტრამპლინი, რომელიც თავის გამოჩენის შემთხვევაში მუდმივი სამსახურის შოვნის შესაძლებლობას აძლევს. უბნის წევრობა, თუნდაც, ხელმძღვანელობა რომ მუდმივი  ყოფილიყო, ვფიქრობ, ნაკლები იქნებოდა ასეთი შემთხვევები. იციან, რომ როგორც კი ეს დღე გაივლის, აღარ გაახსენდებათ, ამიტომ ყურადღების მისაქცევად ბევრი რამე უნდა გააკეთონ – ვიღაცას სცემონ, ვიღაცას აგინონ, რომ კუდ-მა სოდ-მა, გამგებელმა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს გარჯა მუდმივი სამსახურით დაუფასოს. ეს სოციალური სიდუხჭირით გამოწვეული ხელოვნურად შექმნილი პრობლემებია.

მეტი აქტიურობაა საჭირო. ის ადამიანი, რომელიც დღედაღამ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგინებს, არჩევნების დღეს მაინც უნდა მივიდეს და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებასაც ნაკლები შანსი მიეცემა არჩევნების გაყალბების. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა. იმაზე ოცნება, რომ მარტო ივანიშვილი ჭორვილიდან რამეს იზამს, აბსურდია. პოლიტიკოსებიც უფრო მეტად ძლიერები უნდა იყვნენ. დღეს ჩვენი პრობლემა არის არა მარტო ის, რომ „ნაცმოძრაობაა“ ხელისუფლების სათავეში, პრობლემაა ისიც, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჰყავს არანაირი ბალანსი ოპოზიციაში და ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ არავისგან ანგარიშვალდებულად არ თვლის თავს. ძლიერი მეორე ფლანგი რომ ყოფილიყო, ბევრ რამეს ვერ გაბედავდნენ“, – აღნიშნა კახი კახიაშვილმა.

გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი, კონფერენციის ორგანიზატორი: „ასეთი ღონისძიებები ფართო მასებისთვის არ არის გათვალისწინებული, ძირითადად, საექსპერტო ჯგუფებისთვის ტარდება ხოლმე. დიდი მადლობა საქინფორმს მობრძანებისათვის, რომელიც ასეთ აკადემიურ თემებსაც კი ყოველთვის პროფესიონალურად აშუქებს.

თემას რაც შეეხება, ეს არის  ძალიან აქტუალური საკითხი. მოწვეული გვყავდა პროფესიონალი ექპერტები, რომლებიც საარჩევნო  სისტემას, კანონმდებლობას, ტექნოლოგიებს ზედმიწევნით კარგად იცნობენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დემოკრატიულობის გაუარესებასთან ერთად ქვეყანაში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც უარესდება.

დღეს პოლიტიკური ნება არის ისეთი, რომ ნაცვლად საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისა, რეგრესის გზით მივდივართ. დღეს უფრო ნაკლებად დემოკრატიული საარჩევნო გარემო გვაქვს, ვიდრე მანამდე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღეს ექსპერტებისგან იმის გაგება, რომ ნაკლებად დემოკრატიულ პირობებშიც თუკი ძლიერი ოპოზიციური ძალა იარსებებს, არის შანსი, რომ გაუძლოს ხელისუფლების ზეწოლას, ადმინისტრაციულ რესურსს და გამარჯვებას მიაღწიოს“.

ახა კუკავა, პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე: „არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების უმეტეს ნაწილს არასწორი ინფორმაცია აქვს. მარტო ის ფაქტი რად ღირს, როცა 2003 წელს ყველაზე გაყალბებულ არჩევნებად გამოცხადებულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმათა 23% მიიღო. ეს მაჩვენებელი არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალია, რაც კი ოდესმე საქართველოში მმართველ პარტიას მიუღია. როგორც წესი, მმართველი პარტია მას შემდეგ ყოველთვის 60-70%-ით შედის პარლამენტში, თუმცა ამას არანაირი რევოლუცია არ მოჰყოლია. იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი უნდა იქნეს მიღწეული, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპია, არასამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. როდესაც კრიმინალებისაგან განთავისუფლდება პოლიტიკა, ტექნიკურად ძნელი დასათვლელი აღარ იქნება, სინამდვილეში რამდენი ბიულეტენი ჩაიყრება საარჩევნო ყუთში“.

ალექსანდრე შალამბერიძე, „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ თავმჯდომარე: „საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა არჩევნებზე ვიაქტიუროთ, მივიდეთ, ხოლო თუ ოპოზიციურ პარტიებს 3700-ვე საარჩევნო უბანზე საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, სააკაშვილის ხელისუფლებას თუ ვერ დავამარცხებთ, მის ძალაუფლებას მაინც შევზღუდავთ. ესაა ერთადერთი გამოსავალი“.