რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ჩვენ სიყვარული დავკარგეთ...“

obsh-topბედნიერება ფულში რომ არ არის, ეს ყველაზე კარგად იმათ იციან, ვისაც ბევრი, ძალიან ბევრი ფული აქვს – მილიარდები... "არკადია" – ოქროს ასოებით აწერია ბადრი პატარკაციშვილის სასახლის კედელს, რომელთანაც ის დაკრძალეს. "არკადი" ხომ "ნეტარს" ნიშნავს. "LOVE" – ფოთლების სიხშირიდან კრთება წარწერა ბიძინა ივანიშვილის სასახლის შესასვლელთან, რაც ინგლისურად "სიყვარულს" ნიშნავს...

დღეს, 2011 წლის 18 ოქტომბერს, საქართველომ სიყვარული დაკარგა წუხელ, პირველის ოც წუთზე, 83 წლის რამაზ ჩხიკვაძის შეყვარებული გულის ძგერა შეწყდა.

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ვერ მოესწრო განთიადს და მხოლოდ 57 დღე გაძლო თავისი საყვარელი მეუღლის ნატაშას გარეშე. ისინი ვერ მოესწრნენ საქართველოს განთიადს (გახსოვთ 2003 წლის ნოემბერში ამ შეყვარებული წყვილის მონაწილეობით გადაღებული მუსიკალური ტელეკლიპი "რა ლამაზად თენდება!"?).

ნატაშა ჩხიკვაძე 22 აგვისტოს ჩეხეთში გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსთაველის თეატრიდან რობერტ სტურუას გაძევებასთან დაკავშირებით თქვა, რომ გამოჩენილი ოსტატების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არავის უნდა უკვირდეს, რადგან ერთ ადამიანსაც კი არ დაურეკავს და არ დაინტერესებულა რით შეიძლება დაეხმარონ რამაზ ჩხიკვაძეს, რომელიც ძალიან ცუდად არის. ორი დღის შემდეგ – 24 აგვისტოს, დაგეგმილი იყო მძიმედ დაავადებული საქართველოს სახალხო არტისტის საქართველოში გადმოყვანა...

რამაზ ჩხიკვაძის ყველა როლის ჩამოთვლა ძნელია, მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებთ: ლეანდრო ("ესპანელი მღვდელი"), მილორადო ("ფილოსოფიის დოქტორი"), მექი დანა ("სამგროშიანი ოპერა”), ვიქტორი ("ირკუტსკის ისტორია"), ქოსა ("ჭინჭრაქა"), ყვარყვარე თუთაბერის როლი პოლიკარპე კაკაბაძის პიესაში (რომლისთვისაც 1975 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა), აზდაკის როლი სპექტაკლში "კავკასიური ცარცის წრე" (რომლისთვისაც 1978 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა), რიჩარდ III როლი სპექტაკლში "რიჩარდ III" (რომლისთვისაც 1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა). 60-ზე მეტი როლი კინოში, კომედიურით დაწყებული – შოთა – სიკო დოლიძის "ჭრიჭინა", ფილმებში: "ქალაქი ანარა", "დიუმა კავკასიაში", "დაზღვევის აგენტი", "შეცდომათა კომედია", "ოფიციანტი ოქროს ლანგრით", კინოდრამებით დამთავრებული – "ნერგები", "მეფე ლირი", "სანტა ესპერანსა", "დაისი", სერგო ფარაჯანოვის "აშიკ ქერიბი". მიხეილ თუმანიშვილი და რობერტ სტურუა, სერგო ფარაჯანოვი და თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, გიორგი შენგელაია და ალექსანდრე სოკუროვი – გენიალური რეჟისორები ელოლიავებოდნენ მის გამოჩენილ ტალანტს. ტრაგედია და ფარსი, "ნატვრის ხე" და "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა", ლენინი (პოპოვის "ოჯახი") და სტალინი ("ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში", "გამარჯვება") – ჩხიკვაძემ ყველგან გამარჯვება მოიპოვა, იმიტომ, რომ ყველგან სიყვარული სუფევდა: მოყვასის, სამშობლოს მიმართ, და რამაზისა და ნატაშას სიყვარული! სწორედ ამ სიყვარულს უნდა უმადლოდნენ იღბლიანი თანამედროვენი – მაყურებლები გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში და, რაღა თქმა უნდა, რუსეთსა და საქართველოში – იმ სპექტაკლებს, რომლებიც, ნატაშას თქმით, მსოფლიოს იპყრობდნენ, და მსოფლიო მათ ფერხთით იყო! მაშინ, ფაქტობრივად, არავინ იცოდა - რას წარმოადგენს საქართველო, და საქართველოს ყველა მათი სპექტაკლების მეშვეობით ეცნობოდა“.

უი, "შემთხვევით" გამეპარა დღეს საქართველოში აკრძალული – "ლენინი", "სტალინი", "სსრკ სახალხო არტისტი", "რუსეთი"... ეს როგორ დამემართა! "დღეს უკვე უკვე უნდა შეეკითხო – ინტერვიუ მიცემა რუსულად შეიძლება თუ არა, მაგრამ 54 წლის განმავლობაში, რმე საქართველოში გავატარე, ქართველი ხალხისა და ქართული ხელოვნებისთვის მხოლოდ სიკეთეს ვაკეთებდი! ისინი ვერ  დაწერენ ხელოვნების ახალ ისტორიას – ვერასოდეს! ისტორია ისტორიად რჩება. თქვენ უზარმაზარი ისტორია შექმენით, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ წაშლის!“ - ესეც ნატაშა ჩხიკვაძის სიტყვებია სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე მიცემული ინტერვიუდან... არა, სიკვდილამდე კი არა, ისტორიაში გადასვლამდე.

P.S. საქინფორმის ჟურნალისტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს – ყველას, ვინც რამაზ ჩხიკვაძეს იცნობდა და, მაშასადამე, უყვარდა ის. საქინფორმი თანაუგრძნობს მთელ საქართველოს. ჩვენ ხომ დღეს კიდევ ერთი დიდი სიყვარული დავკარგეთ, რომელიც ასე გვაკლია ამ გაბოროტებულ და სასტიკ სამყაროში, სადაც ძალაუფლებისა და ფულისთვის იბრძვიან.

მაგრამ მათ, ვისაც ბევრი, ძალიან ბევრი ფული აქვთ - მილიარდები - კარგად იციან, რომ ბედნიერება ფულში კი არა, სიყვარულშია. იმიტომ, რომ სიყვარული - ღმერთია.

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი