სამართალი
ზუგდიდი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად პარლამენტარ გურამ მისაბიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ ჭორს უწოდებს გუბერნატორი გოროზია. ის ახლა მივლინებაშია და, როგორც თავად აცხადებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის ადგილზე გადაჰყავთ. სად წაიყვანენ თავად კვეზერელს, ჯერჯერობით უცნობია.გუბერნატორად სენაკის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქინფორმთან საუბარში არც თავად დეპუტატი ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ შეთავაზება იქნება, ამ პოსტის დასაკავებლად მზადაა“.
აღსანიშნავია, რომ გოროზიას შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელდა. მას ხან ლტოლვილთა და განსახლების, ხან კი ჯანდაცვის მინისტრად მოიაზრებდნენ.