სამართალი
გოროზიას უწყება იტყუება!

guberniaზუგდიდი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სვირავამ დამსწრე საზოგადოება მოატყუა. შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარს ეხებოდა, გელა სვირავამ განაცხადა, რომ „2010 წლის მაისში მესტიაში განვითარებული მოვლენების დროს ზაზა გოროზიას კანონი არ დაურღვევია – ეს არ იყო ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვა, რადგან ამ დროს გოროზია შვებულებაში იმყოფებოდა“.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 2010 წლის 3 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო ფინანსური პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, პოლიციის შეიარაღებულ თანამშრომლებთან ერთად, მესტიის ოპოზიციონერ კანდიდატებს მუქარისა და იარაღის გამოყენებით საარჩევნო კანდიდატურების მოხსნას აიძულებდნენ.

გელა სვირავამ დამსწრე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, რადგან რეალურად 2010 წლის 3 მაისს გუბერნატორი გოროზია შვებულებაში არ გახლდათ, ის შვებულებაში ოფიციალურად 5 მაისს გავიდა.

სვირავამ საზოგადოება კიდევ ერთ ფაქტთან დაკავშირებით მოატყუა – მესტიის მოვლენებზე საუბრისას ყურადღება ადმინისტრაციულ რესურსზე გაამახვილა, არადა, ეს არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არამედ კანონდარღვევა – კრიმინალური ქმედება.