საზოგადოება
ნატო საქართველოსთვის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს

nato-flagთბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ, რომ ნატო-საქართველოს კომისია არის გზა გაწევრებისკენ. ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს დროებითი ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი.

ჯგუფის წევრთა განცხადებით, მოკავშირეებმა უნდა მიიღონ ინტენსიური თანამშრომლობის პაკეტიც ნატო-საქართველოს ჩიკაგოს სამიტზე.

„ნატოს მოკავშირეებმა უნდა უპასუხონ საქართველოს ძალის გამოუყენებლობის პირობას ქვეყნის თავდაცვის გეგმის განვითარებისა და თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მხარდაჭერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. კერძოდ, დროებითი ჯგუფის წევრთა აზრით, აშშ-მა და ევროპის ოფიციალურმა პირებმა ხელი უნდა შეუწყონ შეთანხმების მიღწევას, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს საერთაშორისო საბაჟო მონიტორების დაშვებას რუსეთის საზღვარზე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, რათა მიღწეულ იქნეს საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების საკითხში.

ჯგუფის რეკომენდაციებს შორისაა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განმტკიცება. კერძოდ, ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა გააძლიერონ პარლამენტი, საკანონმდებლო დამოუკიდებლობა და შეიმუშავონ საარჩევნო რეფორმა, რომელიც დემოკრატიული არჩევნებისთვის არის აუცილებელი.

ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად კი, ჯგუფი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს საერთაშორისო დახმარება, მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მორიგი დახმარება, რათა გააძლიეროს ადამიანური რესურსები და ებრძოლოს უმუშევრობას. ჯგუფის წევრების აზრით, ეს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, როლს განამტკიცებს, გააძლიერებს საინვესტიციო გარემოს, რადგან სწრაფად მოგვარდება საგადასახადო დავები და ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას, ასევე, საოკუპაციო ხაზების სხვადასხვა მხარეს შორის ვაჭრობასა და ადამიანების დაკავშირებას.

„1990-იან წლებში უმეტესობა სკეპტიკურად იყო განწყობილი იმის თაობაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ მათმა მოქმედებამ და აშშ-ის ლიდერობამ ეს იდეა ბუნებრივ შედეგად გარდაქმნა. დასავლეთის პოლიტიკა გახდა სტიმული მტკივნეული რეფორმებისთვის და გაანეიტრალა რუსული პრეტენზიები. დღეს ჩვენ შეგვიძლია, ამ ყველაფრიდან დასკვნები გამოვიტანოთ“, – აცხადებენ დოკუმენტის ავტორები.