სამართალი
საპროტესტო აქცია 53-ე საჯარო სკოლაში

skola53თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. 53-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები და მათი მშობლები სკოლის დირექტორთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

მოსწავლეები და მშობლები სკოლის დირექტორ ტარიელ შავიშვილის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სკოლიდან მე-11 კლასის მოსწავლეები – ირაკლი მჭედლიშვილი და მიხეილ ალექსიძე, გაირიცხნენ.

მშობლების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეც კია აღძრულია ხულინგობის მუხლით. მშობლებისა და მოსწავლეების განცხადებით, გარიცხვის მიზეზი იყო შელაპარაკება ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის, რის შემდეგაც ბავშვებს გაკვეთილი დაატოვებინეს. ისინი დაინახა სკოლის დირექტორმა ტარიელ შავიშვილმა და მიიღო მათი გარიცხვის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მანვე მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას. მოსწავლეთა დაკითხვის შემდეგ მათ წინააღმდეგ, როგორც მშობლები აცხადებენ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

დღევანდელი აქციის მონაწილეები სიტუაციის დაძაბვაში ახლად დანიშნულ დირექტორ ტარიელ შავიშვილს ადანაშაულებენ, რომელმაც არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

საპროტესტო აქციაში 30-მდე მოსწავლე და რამდენიმე მშობელი მონაწილეობს. ისინი დირექტორთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.