საზოგადოება
ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტს და უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე

biliioner2თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ ბიზნესმენთან მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ოფიციალურად დღეს მიმართავს.

გარდა ამისა, ბესელიამ მორიგი განცხადება გაავრცელა ბიზნესმენისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„2011 წლის 11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ შეუწყვიტა ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს.

ამ პოლიტიკური აქტით მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ იგი არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და იყენებს აკრძალულ მეთოდებს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ.

მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ბრძანებულება მიღებულია კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია როგორც ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცედურა, რაც ცალკე სასამართლო განხილვის თემაა.

განსაკუთრებულად გვინდა, შევეხოთ ფაქტს, რომელიც უპრეცედენტოა თავისი სამართლებრივი და მორალური სიმძიმით. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა არა მარტო მის პოლიტიკურ ოპონენტ ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, არამედ, მის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს.

ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ფორმალურ საფუძვლად ხელისუფლებამ გამოიყენა მის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მას შემდეგ, რაც უკვე ჰქონდა საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა. ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული კოდექსით შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი იყვნენ, გადაწყვეტილების მიღებამდე დალოდებოდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შესაბამისი პროცედურების გავლას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობის პასპორტის ჩაბარებას, ასევე, ვალდებულნი იყვნენ, ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე საკუთარი პოზიციისა და უფლებების დაცვის შესაძლებლობა მისცემოდა თავად ბიძინა ივანიშვილს. პროცედურების დაცვის დარღვევით გამოტანილი ადმინისტრაციული აქტი კი იწვევს მის ბათილობას.

რაც შეეხება ეკატერინე ხვედელიძის შემთხვევას: მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ეკატერინე ხვედელიძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 2004 წლის 22 ივლისს, მაშინ, როდესაც ის უკვე იყო საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქე. საფრანგეთის მოქალაქის პასპორტით ეკატერინე ხვედელიძემ რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და ეს დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფორმალური საფუძველიც კი არ არსებობდა ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის.

საქმე გვაქვს არა სამართლებრივ პროცედურასთან, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისადმი, როგორც პოლიტიკური ოპონენტისადმი, შიშის გამო დაუშვებელი და უკანონო მეთოდების გამოყენებასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი იქნება სარჩელი სასამართლოში მის მიერ გამოცემული უკანონო ბრძანებულების № 602 გაუქმების მოთხოვნით; 2. ჩემი რეკომენდაციით ყველა შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტს და უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე.

გარდა უკანონო მოქმედებისა, დიდი მორალური პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილისთვის, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც არა მარტო კანონით, არამედ ცხოვრების წესით და ქმედებით ეს უფლება დიდი ხანია მოიპოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბესელია სოციალური ქსელი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების სურვილი იქნება, შესაძლოა, ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს. ბესელიას ეჭვი ეპარება, რომ „არსებული პოლიტიზებული სასამართლო სისტემის პირობებში ბიზნესმენისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის მინიჭება მხოლოდ სამართლებრივი გზით ბრძოლის შედეგად მოხდეს“.