პოლიტიკა
თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ პარასკევს ჩაიწერა სააგენტო „Reuters“-მა. „ის უახლოეს დროში გამოქვეყნდება“, - განაცხადა სააგენტოს საქართველოს ბიუროს კორესპონდენტმა მაკა ანთიძემ.
მისი თქმით, ინტერვიუ ჩაიწერა თბილისში, ივანიშვილის სახლში. საუბრის დროს ბიზნესმენს დაუსვეს მრავალი შეკითხვა საგარეო და შიდა პოლიტიკის თაობაზე და ეკონომიკაზე.
ინტერვიუ მიმდინარეობდა ქართულად, სააგენტო კი მას ინგლისურად გაავრცელებს. ის გამოქვეყნდება როგორც ვიდეოს სახით, ასევე - ბეჭდურად.გადამღები ჯგუფი ივანიშვილთან იმყოფებოდა ხუთი საათის განმავლობაში.
წინა დღით ივანიშვილის პრესმდივანმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბრიდან ბიზნესმენი მზად იქნება ჩაატაროს პრესკონფერენცია, თუ ქვეყნის ცენტრალური ტელეარხები - საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი-2“ ან „იმედი“ უზრუნველყოფენ ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში მისი პრესსამდივნოს ოფისიდან.
ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა თავის მხრივ განაცხადეს, რომ მზად არიან გააშუქონ ივანიშვილის გამოსვლა.