პოლიტიკა
აშშ-ს მომავალი ელჩი რუსეთში - საქართველოს შესახებ

michael_macfollთბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი უსაფრთხოების გაძლიერება „ობამას ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა მაიკლ მაკფოლმა, თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა რუსეთის საკითხებში, რომელიც მოსკოვში აშშ–ის ელჩად დასახელდა.

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 12 ოქტომბერს მისი კანდიდატურის განხილვისას, მაკფოლმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაცია „ძალიან სერიოზულ საკითხად“ მიაჩნია.

მისი განცხადებით, აშშ საქართველოს უსაფრთხოებას „მრავალმხრივი გზებით“ ეხმარება.

მისი თქმით, ერთ–ერთი მიმართულებაა დიპლომატიური ფრონტი, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნების დარწმუნებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებაში. მაკფოლის განცხადებით, ეს ის საკითხია, რაშიც აშშ და რუსეთი „რადიკალურალურად არ ეთანხმებიან“ ერთმანეთს.

მაკფოლმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, ასევე, სხვადასხვა მრავალმხრივ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის „ძალიან მტკიცე“ მხარდაჭერა.

„მესამე – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მეოთხე – ჩვენ კვლავ ვახდენთ ზეწოლას რუსეთზე, რომ შეასრულოს... 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც, მიგვაჩნია, რომ ისინი პატივს არ სცემენ. მეხუთე – ჩვენ კვლავაც მოვითხოვთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და მეექვსე – ჩვენ პირდაპირ მოსკოვთან ვმუშაობთ, რათა ვეცადოთ და შევამციროთ ის ზეწოლა, და ზოგჯერ იძულების გზით განხორციელებული ზეწოლა, რომელსაც ისინი საქართველოზე ახდენენ“, – განაცხადა მაკფოლმა.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ განვავითაროთ ისეთი არსებითი ურთიერთობა რუსეთთან, სადაც მსოფლიოს იმ ნაწილში ძალისმიერი მოქმედების ფასი უფრო მაღალი იქნება რუსეთისთვის, ვიდრე ის შესაძლოა სამი წლის წინ ყოფილიყო. პრეზიდენტმა ობამამ პირადად ჩართო პრეზიდენტი მედვედევი ამ საკითხებში და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მან.

ამას გარდა, მაკფოლის თქმით, აშშ დახმარებას უწევს საქართველოს შიდა რეფორმებსა და ეკონომიკურ განვითარებაში.

დემოკრატიით მისაღწევი უსაფრთხოება საქართველოში

მაკფოლმა ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მას ამის თაობაზე სხდომის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი შეეკითხა. იგი საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში, ”ატლანტიკურ საბჭოში”, საქართველოს საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ჯგუფმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აშშ–ს და ევროკავშირს საქართველოს შესახებ რეკომენდაციებს უწევს.

მაკფოლმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება ანგარიშის დასკვნას, რომლის თანახმადაც „საქართველოს ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო გახდეს“.

„ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო გახდეს, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა“, – განაცხადა მაკფოლმა.

მისი თქმით, აშშ–თვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ, განსაკუთრებით, რეგიონში დემოკრატიული თვალსაზრისით განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე – ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს გასამართლების ფაქტს. მისი თქმით, საქართველოში – ამ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში – დემოკრატიის წარმატება ძლიერი სიგნალი იქნება რეგიონის მასშტაბით.

სამხედრო დახმარება

სამხედრო თემასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საქართველოსთან ფართო თანამშრომლობა ორი მიმართულებით ხორციელდება.

“პირველი – ყოვლისმომცველ რეფორმებში, რომელსაც საქართველო ატარებს თავდაცვის სამინისტროს მოდერნიზაციისთვის. მეორე – იმ ქართველი სამხედროების წვრთნა და აღჭურვა, რომლებიც ჩვენთან ერთად მსახურობენ ავღანეთში“, – განაცხადა მაკფოლმა და დასძინა, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის.

მსო

მოსმენის დროს მაკფოლმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ობამას ადმინისტრაციის პოზიცია, რომ ის „აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო), რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს კარგი გარიგებაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.

მისი თქმით, ერთ–ერთი დაბრკოლება, რომელიც კვლავ არსებობს რუსეთის მსო–ში გაწევრიანების გზაზე, არის დავა რუსეთსა და საქართველოს შორის – საკითხი, რომელიც „მოსაგვარებელი რჩება“.

„მსო–ს მუშაობა კონსენსუსს ეფუძნება და რუსეთის მსო–ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის გარეშე, ეს საკითხი ვერ გადაწყდება“, – განაცხადა მაკფოლმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს „ძალიან აქტიური შუამავლობის“ პროცესს მოსკოვსა და თბილისს შორის, რომელსაც შვეიცარია უძღვება.

„მიგვაჩნია, რომ შვეიცარიამ ძალიან შემოქმედებითი იდეები წამოაყენა და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ზედმიწევნით სერიოზულად მიუდგნენ ამ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რა როლი უნდა ითამაშოს აშშ–მა ამ პროცესში, მაკფოლმა უპასუხა, რომ მართალია, დროდადრო რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურ პირებს მიაჩნდათ, რომ ვაშინგტონის საქმე იყო გადაერწმუნებინა საქართველო, ან რომ მსო–ში გაწევრიანება ხმის მიცემით იყო შესაძლებელი, კონსენსუსის მექანიზმის გვერდის ავლით, მაგრამ აშშ–მა „ნათლად განუმარტა“ მოსკოვს, რომ „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ შეხედულებას“.

მოსმენის წინ კომიტეტისთვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში, მაკფოლი აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით: „ჩვენ რუსეთს ნათლად განვუმარტეთ, რომ საქართველოს გვერდის ავლის არანაირი შანსი არ არსებობს: ორმა ქვეყანამ თავად უნდა მოაგვაროს თავისი უთანხმოებები შუამავლობის პროცესის საშუალებით. მიგვაჩნია, რომ შვეიცარიამ სამართლიანი, აზრიანი და დაბალანსებული წინადადება მოამზადა, რომელიც იმუშავებს, მაგრამ მხარეები იმ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, რომ მათ ინტერესში შედის შეთანხმების მიღწევა“.

რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა კვლავ ძალიან მაღალია

საკომიტეტო მოსმენის დროს გახსნით სიტყვაში, მაკფოლმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკამ რუსეთთან პროგრესი განიცადა, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პრობლემები კვლავ რჩება.

“ბოლო სამ წელიწადში არ ყოფილა გაზის ომები, კიბერ ომები ან საომარი მოქმედებები ევროპაში. და  რუსეთის ჯარისკაცები კვლავაც ახდენენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას; დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ მაღალი რჩება და ამიტომაც ეს საკითხი კვლავ ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა მან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარდგენილ თავის წერილობით მოსაზრებებში მაკფოლი ამბობს: „მაშინ, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის ალბათობა შემცირდა, ამის შესაძლებლობა კვლავ რჩება. არსებობს მკაფიო საკითხები, რაზეც შეერთებული შტატები და რუსეთი არ აპირებენ შეთანხმებას – და საქართველო არის ერთ–ერთი მათგანი“.