საზოგადოება
თემურ შაშიაშვილი: „ნათელი მოდის მოწამეობრივი გზით“

SaSiaSvili-54232თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრების“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ორი დღის წინათ პრესითა და ტელევიზიით საჯაროდ გაკეთებული განცხადების შესაბამისად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს და ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის გამაერთიანებელს, ახალ ნათელ სახეს ქართულ პოლიტიკაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მეცნიერთა და ექსპერტთა მონაწილეობით შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტი „დღეს საქართველოში“. სერიოზული ანალიტიკური ნაშრომი გზავნილია ქვეყნის სულიერი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიდერებისათვის.

აღნიშნულ დოკუმენტში ასახული ფაქტებითა და ლოგიკური მსჯელობით ავტორები მეცნიერულად ასაბუთებენ ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის გენოციდს, გამოხატულს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში.

მაისის მოვლენების წინა დღეებში და მის შემდგომ პერიოდში 50 ათასი კაცი გაეცნო  თეთრების ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტურ მასალებს: დაუჯერებელი სიმართლე – ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ანალიზი; დაუჯერებელი სინამდვილე – ძეგლთა გადაადგილებისა და განადგურების შესახებ; დაუჯერებელი სისასტიკე – 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის დოკუმენტები; დაუჯერებელი სიხარბე – ხელისუფლების ცხოვრებისა და ყოფის წესი: („მხილების მუზეუმი“); ნამდვილი საბრალდებო დასკვნა – სააკაშვილის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება.

თემურ შაშიაშვილის აზრით, ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად გენოციდს უწყობს საკუთარ ხალხს. ერთი შეხედვით, ეს შეფასება შეიძლება გადაჭარბებული და გაბედული ჩანდეს, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიაში მისი გაგზავნის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ავტორები წარდგნენ ქართველი მეცნიერების წინაშე ამ დოკუმენტით, რათა შეძლონ შეფასების დადასტურება, ან, მეცნიერთა მხრივ საწინააღმდეგო  არგუმენტაციის შემთხვევაში, გაიზიარონ მათი პოზიცია.

„თეთრებისათვის“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შეფასებას, რომელსაც ამ დოკუმენტის გაცნობის შემდგომ გააკეთებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.

შაშიაშვილს მიაჩნია, რომ პრაქტიკულად ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა  ბიძინა ივანიშვილის პროგრამულ განაცხადში, ადასტურებს, რომ რეალურად საქმე გვაქვს მოსახლეობის გენოციდთან. ასევე, აცნობებს წერილის ადრესატებს, რომ „თეთრების“ მონაწილეობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“. არსებობს ქვეყნის ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების უაღრესად საიმედო ანალიზი და დასავლეთის ექსპერტებთან ერთად შექმნილი რამდენიმე სამომავლო პროგრამა (უპირველესად, პროგრამა „წყალი“ ამერიკისა და ევროპის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების დადებითი დასკვნებით).

სწორედ ქვეყანაში შექმნილი რეალური მდგომარეობის კვლევის შედეგების, ქვეყნის ბუნებრივი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაანალიზების საფუძველზე „თეთრები“ მუშაობენ მომავლის საქართველოს პროგრამაზე სახელწოდებით „საქართველო-2030“ („საქართველო ჩემი ოჯახია“).

„სამთვიანი კონსულტაციების შემდგომ დავასრულეთ პროგრამა „ხალხი აკონტროლებს ხელისუფლებას“, ანუ „ხალხი უფლებამოსილი და ვალდებულია, იცოდეს, სად იხარჯება მისი ფული – საქართველოს ბიუჯეტი“. ამ მიზნით დაიწყო რეგიონებში „ნდობის საბჭოების“ შექმნის პროცესი. ასეთი საბჭოების საქმიანობის პირველი შედეგები შოკისმომგვრელია. აშკარაა, რომ პრეზიდენტი – ქვეყნის ბიუჯეტს; გუბერნატორები, მერები და გამგებლები – ადგილობრივ ბიუჯეტებს განიხილავენ როგორც საკუთარი ჯიბის ფულს“, – ნათქვამია ღია წერილში.

„თეთრებს“ მედიაში არსებულმა პრობლემებმა დააწყებინა ფიქრი საერთაშორისო მედიაჰოლდინგის შექმნის საკითხზე. მსოფლიოს დემოკრატიული მედიის ორგანიზების გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა სერიოზული პროგრამა „საერთაშორისო ჰოლდინგი“.

ეს პროგრამები (რამდენიმეს გამოკლებით), აგრეთვე წერილები, რომლებიც გაეგზავნა პატრიარქს, აკადემიის პრეზიდენტს და ბიძინა ივანიშვილს, განთავსებულია   თეთრების საიტზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებულისათვის.

თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ წამოწყებულია დიდი ეროვნული პროცესი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ გზა მძიმე და რთული, მაგრამ შედეგი, მართლაც, ნათელი იქნება.