თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საჯარო მიმართვას უგზავნის, რომელშიც აცხადებს, რომ „ბიზნესმენს მიხეილ სააკაშვილის მოსაშორებლად დიდი რესურსი აქვს“ და მას „ამ საქმეში მონაწილეობა სურს“.
რამიშვილის მიმართვას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი პერსონისადმი ძალიან დიდი ინტერესია. ცხადია, ეს ივანიშვილის შემოთავაზებამ გამოიწვია. ამიტომ მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:1. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რესურსები (ფინანსური, ინტელექტუალური), მისი კავშირები და ის დიდი ნდობა, რაც მას მოსახლეობაში აქვს, იძლევა დიდ შანსს იმისა, რომ მიშა მოვიშოროთ;
2. მე მინდა, ამ საქმეში მივიღო მონაწილეობა;
3. მე მინდა, გავაკეთო „დარდუბალა“;
4. მე მიმაჩნია, რომ „მაესტრო“, რომელშიც მე ვმუშაობ, არაა მიკერძოებული. მე ვიცი, როგორ იმართება ეს ტელევიზია და ვთვლი, რომ ივანიშვილი ცდება, როცა ამ არხს „სააკაშვილის სპეცდანიშნულების ტელევიზიას“ უწოდებს;
5. მე არ მომწონს, როცა ბიძინა ივანიშვილი მე „ეროსის ხელის ბიჭს“ მადარებს, მაგრამ ამ თემაზე საუბარს უშუალოდ მასთან ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს ტელეჟურნალისტიკაზე და ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ეს იმდენად ბუნებრივი რექციაა, რომ გამიკვირდება, თუ ვინმემ ვერ გამიგო;
6. მე მიმაჩნია, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ „მაესტროში“, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ძალიან ეფექტურია. მიმაჩნია, რომ გადაცემები, რომლებსაც მე ვაკეთებ, ხელს უწყობს იმ იდეალების მიღწევას, რომლებზეც თავად ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა მიმართვებში;
7. იგივე მინდა, ვთქვა ჩემი კოლეგების შესახებ, რომლებიც ჩემთან ერთად (და ჩემამდე დიდი ხნით ადრე) ქმნიდნენ „მაესტროს“;
8. დაბოლოს, ამ წუთებამდე მე არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია“, – ნათქვამია განცხადებაში.