საზოგადოება
თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერ ნოდარ ჯავახიშვილს „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზა. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ივანიშვილსა და მას შორის გამართული შეხვედრის თემა სწორედ ეს წინადადება იყო.
„მე ჯერ უნდა მივიდე „ქართუ ჯგუფში“ და გავეცნო იქ არსებულ სიტუაციას. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი პოლიტიკასაც შეეხო. „ბუნებრივია, შეხვედრაზე პოლიტიკაზე საუბარს გვერდი ვერ ავუარეთ. მე ნამდვილად არ ვიყავი უფლებამოსილი, ბატონ ბიძინასთან „ეროვნული ფორუმის“ სახელით მესაუბრა, თუმცა „ფორუმსა“ და მას შორის შეხვედრასა და შესაძლო თანამშრომლობაზე ნამდვილად ვილაპარაკეთ“, – აღნიშნა მან.მისივე თქმით, ყველა საინტერესო შეკითხვას „ეროვნული ფორუმისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე პასუხები 17-18 ოქტომბერს გაეცემა.
შეგახსენებთ, რომ, ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადების თანახმად, „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი მმართველი გუნდის აგენტი იყო და ის დიდი ხნის წინათ გაიშიფრა. ბუნებრივია, ამ განცხადების შემდეგ ჩრდილელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მან ეს ამბავი პრესის საშუალებით გაიგო და მას შემდეგ „ქართუ ჯგუფში“ აღარ გამოჩენილა.