პოლიტიკა
კახი კალაძე: „ბატონო ბიძინა, მიგულეთ თქვენ გვერდით!“

kaladze456თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ფეხბურთელი კახი კალაძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია, სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება,მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული.

სულისშემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი, ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლებისა და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტიგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია, რაც გადაწყვიტა, ხელოვნურად შეექმნა ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან. გათელილი და დაკნინებულია თითქმის ყველა ტრადიციული დღესასწაული თუ საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი, მათი ჩანაცვლება კი ხდება ერთსახოვანი, ყალბი გმირებით და თითიდან გამოწოვილი ილუზიური დღესასწაულებით. შენდება ერთჯერადი „პოტიომკინის“ სოფლები და ქალაქები.

ჩემი წერილის დასაწყისშიც მოგახსენეთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, რადგან არ ვარ პოლიტიკოსი; ეს არის მოქალაქეობრივი ვალი და თვალთახედვა, რაც მე გამაჩნია ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე. თვალი არასოდეს დამიხუჭავს სიმართლისათვის და სათქმელი ყოველთვის ხმამაღლა მითქვამს. მართალია, ჩვენს მოქალაქეებს იძულებით, შიშითა და შანტაჟით ყველაფერი წაართვეს, რის წართმევაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ წაგვართვეს ღირსება! ეს არ არის შაბლონური და ტრაფარეტული ფრაზები, ყელში სისხლი მაწვება, როდესაც სამშობლო ასეთ გასაჭირშია და შველას ითხოვს.

მივმართავ ყველას და, განსაკუთრებით, ჩვენს ძვირფას თანატოლებს, ახალგაზრდობას, სტუდენტებს: მეგობრებო, როდესაც ასეთ მძიმე წუთებია ერისათვის, მამულისათვის, სარწმუნოებისათვის, გავაღვიძოთ ჩვენში წინაპართა სისხლი, ხმამაღლა ერთად გამოვთქვათ საყოველთაო პროტესტი ადამიანთა ჩაგვრისა და დამამცირებელ სიტუაციაში ჩაყენებისათვის. ახალგაზრდობა დიდი ძალა ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს მშობლებს და ერთად ბევრს მივაღწევთ.

წავიკითხე ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომლებმაც არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია. ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენ გვერდით მყოფი იქნება, ზეგ – კიდევ მეტი... ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო“.