რელიგია
თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
მსურველთათვის მსახურებაზე დასასწრებად საპატრიარქოდან სპეციალური ავტობუსები დილიდან გავიდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდა მოციქულთა სწორის, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (IV) ხსენებასაც აღნიშნავს.გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
IV საუკუნეში წმიდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანის საცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.