პოლიტიკა
ივანიშვილი მედიასთან შესახვედრად მზადაა

biz7თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის გამართოს პრესკონფერენცია.

„ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ საზოგადოების ინტერესი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა. თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“, „იმედი“) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომბრიდან, როგორც ეს გაცხადებული იყო, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია. იგი მზად არის, პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის გუნდი ეროვნული მაუწყებლების ხელმძღვანელებს, პირველ რიგში კი, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას სთავაზობს.

პრესსამდივნოს ინფორმაციით, პრესკონფერენციის ზუსტი თარიღი ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ გამოცხადდება.

თუმცა ივანიშვილის წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“. როგორც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ბიძინა ივანიშვილს ტელევიზიაში მისვლა და ჟურნალისტ დავით პაიჭაძის გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე ბიზნესმენისგან პასუხი არ მიუღია და ვინაიდან „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხალხის ტელევიზიაა, სხვისი კარნახით არ მოქმედებს. „იქეთ კი ვერავის ვეახლებით. ბიძინა ივანიშვილის წინადადება ტელევიზიისთვის მიუღებელია“, – დასძინა ჭანტურიამ.