საზოგადოება
კიწმარიშვილი: „ სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს“

erosiiთბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის – ეროსი კიწმარიშვილის, თქმით, ის, სოზარ სუბარი და ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეები არიან, ამიტომ ივანიშვილის განცხადება – რომ სუბარი მოსწონს, ოქრუაშვილთან მიმდინარეობს  მოლაპარაკება, კიწმარიშვილი კი ცუდია – ლოგიკას მოკლებულია.

როგორც კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, „დღეს უფრო მნიშვნელოვან თემებზე უნდა იყოს საუბარი, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ „ქართული პარტიის“ 26 წევრის უსაფუძვლოდ დაკავება“.

კიწმარიშვილი დარწმუნებულია, რომ ახლა სხვა მოცემულობაა და  მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, რომელშიც „ქართული პარტია“ მონაწილეობას მიიღებს. ეროსი კიწმარიშვილს ეს ნაბიჯი  ბუნებრივად მიაჩნია.

„სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მარტის დასაწყისში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, 2012 წლის შემოდგომაზე კი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრებული არ იქნება. თუმცა  რუსეთში პუტინი რომ გახდება  პრეზიდენტი, ეს ცალსახაა, ისევე, როგორც ის, რომ  არჩევნებში სააკაშვილს  სერიოზული კრახი ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი უახლოეს თვეებში დანიშნავს არჩევნებს. ჩვენ მივდივართ არჩევნებში. ჩვენ უახლოეს თვეებში შევძლებთ, იმაზე მეტად გავაძლიეროთ „ქართული პარტია“, ვიდრე აქამდე იყო“,– დასძინა კიწმარიშვილმა.