სამართალი
ივანიშვილის გარემოცვაზე შეტევა დაიწყო

bidzinaaaთბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, გუშინ, 2011 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში სამართალდამცველებმა კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი დააკავეს, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. გარდა ამისა, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.

თამაზ თამაზაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ და ჟურნალისტებს ერთი უწყებიდან მეორეში გზავნიან.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავების დროს თამაზ თამაზაშვილის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გუშინვე ჩხრეკა ჩატარდა თამაზაშვილის სახლში, რომელიც დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჩხრეკა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. „პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკა და, როგორც ვიცით, იარაღი იქიდანაც ამოიღეს. ჩაუდებდნენ. რა, გაუჭირდებოდათ თუ?“ – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა.

თამაზ თამაზაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე ის დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი იყო.

რაც შეეხება ღარიბაშვილის მამას – ტარიელ ღარიბაშვილს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმაც დაადასტურა. მისი თქმით, ტარიელ ღარიბაშვილმა განცხადება თავად დაწერა, თუმცა არც ის და არც ღარიბაშვილის ოჯახი თანამდებობის დატოვების ზუსტ მიზეზებზე არ საუბრობენ.

უადგილო და აზრსმოკლებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ორი შემთხვევა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას უკავშირდება. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა საკუთარი პოლიტიკური გეგმები გაახმიანა, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ უკვე დაიწყო მოქმედება. ორი დღის წინათ იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, თუმცა, როგორც გამოირკვა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ან თუ შეესაბამება, მას სახელმწიფო უკანონოდ მოექცა, რადგან ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა კანონიერად მიიღო.