„სწორედ ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც პატარკაციშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქართველ საზოგადოებაში პატარკაციშვილის ნებისმიერი ინიციატივა თუ გამონათქვამი არ ყოფილიყო მხარდაჭერილი. იყო დრო, როდესაც პატარკაციშვილმა ბიზნესფედერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას ბრალდებები წაუყენა. იქ იყო ჩამონათვალი ყველა იმ პრობლემისა, რომლებიც ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი და გულისამაჩუყებელი მხოლოდ დღეს გახდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც მაშინ ხმა არ ამოუღია. იმის ნაცვლად, რომ მედიასივრცის დასაბალანსებლად „მეცხრე არხი“ „იმედთან“ ერთად ყოფილიყო, ივანიშვილმა მისი ტელეკომპანია არა მხოლოდ გაიყვანა მედიასივრციდან, არამედ მთელი აპარატურა პირადად მიხეილ სააკაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს გადასცა. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის პოზიციების გასაძლიერებლად. ამიტომ მის ადგილზე ნებისმიერ კონტექსტში პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ხსენებას მოვერიდებოდი“, – განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ ღია წერილში აცხადებს, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობას „ქრისტიან-დემოკრატებთან“, „ახალ მემარჯვენეებთან“, „ქართულ პარტიასთან“, „ლეიბორისტებთან“, ედპ-თან, გია თორთლაძისა და პაატა დავითაიას პარტიებთან გამორიცხავს. მისი განმარტებით, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერ გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა“.