თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, თბილისში შემოვლითი რკინიგზის გაყვანა იგეგმება. ამის გამო ავჭალის სააგარაკო დასახლების მცხოვრებთა ნაწილი უკვე გაასახლეს, ნაწილს კი ლიანდაგიდან 20-50 მეტრში მოუწევთ ცხოვრება. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ჯერ არ იცის, როგორ პირობებს სთავაზობს „საქართველოს რკინიგზა“, თუმცა ის უკვე იციან, რომ უჰაერობასა და გამონაბოლქვში, ხმაურში და, ამავე დროს, საკმაოდ საშიშ ზონაში მოუწევთ ცხოვრება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2009 წლის 10 დეკემბერს გარემოს დაცვის სამინისტროს ავჭალის მოსახლეობამ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მიმართა. ორგანიზაციებმა ალტერნატიული გეგმა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც სარკინიგზო ხაზს დასახლებული ტერიტორიის მოშორებით უნდა გაევლო. თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს განცხადება რეაგირების გარეშე დატოვა, რადგან კანცელარიაში აღარ არსებობდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებული მარშრუტი უნდა განხილულიყო. მათი თქმით, განცხადება, რომელსაც 354 მოსახლე აწერდა ხელს, ერთ-ერთმა მათგანმა სამინისტროდან უკანვე გამოიტანა და, შესაბამისად, განსახილველიც არაფერი იყო.არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელ ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, კანცელარიაში შეტანილი განცხადების დაბრუნების უფლება სამინისტროს არ ჰქონდა, რითაც უწყებამ კანონი დაარღვია: „კანცელარიაში შესული განცხადების უკან გატანა აკრძალულია. საკონტაქტო პირს რა რწმუნებულება ჰქონდა, რომ 354 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვა?“
მაჭარაშვილი სამინისტროს იმაშიც ადანაშაულებდა, რომ ავჭალის მცხოვრებლეთ არ მიეცათ საშუალება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა, მაშინ, როცა იმავე სამინისტრომ „მწვანე ალტერნატივის“ განხილვებში მონაწილეობის მიღების ნება დართო.
გეგმის მიხედვით, შემოვლითი რკინიგზა სადგურ „ავჭალიდან“ იწყება და ლილოს დასახლებასთან მთავრდება. რკინიგზის ხაზი ავჭალის დასახლებას შუაზე ყოფს და ადგილობრივ მცხოვრებთა კუთვნილ საკარმიდამო და სააგარაკე ნაკვეთებზე გაივლის. ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაკვეთები შეისყიდა და საკმარისი კომპენსაციაც გადაუხადა. თუმცა უკმაყოფილება იმ მოსახლეობიდან მოდის, რომლებიც იმ ზონაში ვერ მოხვდნენ, სადაც რკინიგზის რელსები ჩაიყარა. მათ ფულადი კომპენსაცია ან რაიმე სახის დახმარება არ მიუღიათ, სამაგიეროდ, საშიშ ზონაში მოუწევთ ცხოვრება.
კანონის მიხედვით, სარკინიგზო მაგისტრალიდან მოსახლეობა, სულ მცირე, 100 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული, ავჭალაში კი ეს მანძილი 50 მეტრს არ აღემატება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქინფორმის კორესპონდენტი ავჭალის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
„მშენებლობით უკმაყოფილო ვართ, რადგან რკინიგზის გასწვრივ ვცხოვრობთ. 18 მეტრის სიმაღლის მიწაყრილზე მოწყობილმა სარკინიგზო ხაზმა ზოგიერთ შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან 20-50 მეტრის მოშორებით უნდა გაიაროს. სულაც არ მინდა, შევწუხდე ყოველდღე მატარებლის ხმაურით. ასეთ პირობებში მირჩევნია, სხვაგან დაგვასახლონ და კომპენსაცია მოგვცენ. როცა პროტესტს გამოვთქვამთ, იმით გვაჩერებენ, რომ სწრაფმავალი მატარებლები იქნება, რომლებსაც ხმაური ნაკლებად აქვს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოსახლემ.
ზოგიერთ მათგანს იმის შიშიც აქვს, რომ აღნიშნული პრობლემების გამო საცხოვრებელ სახლებზე ფასები საკმაოდ დაეცემა. „აქამდე თბილისის გარეუბანში ცხოვრება სუფთა ჰაერით იყო მიმზიდველი, ამიერიდან კი ბინების ფასები დაეცემა, რადგან გამონაბოლქვის გამო აქ სახლს აღარავინ იყიდის“, –აცხადებენ ადგილობრივები.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხმაურის შესამცირებლად აუცილებელი იქნება ისეთი ტექნიკური ღონისძიებების გამოყენება, როგორიცაა აკუსტიკური ეკრანები, მიწაყრილები ან სხვა სახის ხმაურდამცავი ზღუდეები, რომელთა კონსტრუქციები შეირჩევა აკუსტიკური გაანგარიშების საფუძველზე. შესაბამისად, გამოყენებულ იქნა მიწაყრილები, რაც მცხოვრებთ საკმაო პრობლემებს უქმნით, რადგან ავარიის შემთხვევაში მიწა მთლიანად ჩამოიშლება და მოსახლეობას გასაქცევი დროც არ დარჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება შპს „რკინიგზამ“ და ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე „გამაჯგუფმა“ მიიღეს.
„გამაჯგუფი“ ადგენს, თუ რამდენ მეტრზე უნდა გავრცელდეს ბუფერული ზონა, რა მანძილზე დაბინძურდება ეკოლოგიურად და ა.შ.
„თავად ჯგუფის წევრებმა გვითხრეს, ნამდვილად ცუდ დღეში ხართო, მაგრამ დასკვნაში სულ სხვა რამ ჩაწერეს, რადგან ყველანი ერთმანეთთან კუდით არიან გადაბმული. განცხადებით მივმართე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და ახლა მის ექსპერტებსა და განაჩენს ველოდები“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
როგორც საქინფორმმა გაარკვია, რკინიგზის დედაქალაქიდან გატანა და შემოვლითი გზის პროექტი შესაძლოა, ვადამდე ადრე დასრულდეს, მაშინ, როცა მისი რეალიზება 2013 წლამდე იყო დაგეგმილი. ავჭალაში გვირაბი უკვე გაყვანილია, ამ ეტაპზე გვირაბამდე გზას ამაღლებენ, შედარებით დაბლა კი, სარკინიგზო რელსებიდან 35-ოდე მეტრში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხალხმა უნდა იცხოვროს.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის განხორციელება 300 მლნ ევრომდე ჯდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აღებული სესხი 100 მლნ ევროს შეადგენს, დაფინანსების მეორე წყარო ევროფონდები და ევროობლიგაციებია, არის რკინიგზის შიდარესურსებიც.
შემოვლით გზას ქართულ-ჩინური კომპანია აშენებს, ზედამხედველობას კი უცხოური კომპანია უწევს. უკვე ცნობილია, რომ ფრანგული კომპანია „აპური“ დედაქალაქში გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ახალი სარეკრეაციო ზონის დაპროექტებაზე იმუშავებს.
რაც შეეხება თბილისის ცენტრს, აქ ეკოლოგიურად სუფთა უბანი გაშენდება და, სავარაუდოდ, „თბილისი-სითი“ დაერქმევა, სადაც ყოველი 20 ჰა მონაკვეთის შემდეგ 5 ჰა მაინც იქნება გამწვანებული. თბილისის ცენტრში მთლიანად აიღებენ რკინიგზის ლიანდაგს (100 ჰა მიწის ნაკვეთი), დარჩება მხოლოდ დიდუბისა და ნავთლუღის სადგურები. მგზავრი დასავლეთის მიმართულებით დიდუბიდან გაემგზავრება, აღმოსავლეთისკენ – ნავთლუღის სადგურიდან. სატვირთო მატარებლები მხოლოდ შემოვლითი გზით ივლიან – ზაჰესიდან წამოსული მატარებელი თბილისის ზღვის მაღლობებს შემოუვლის, გაივლის გლდანი-ავჭალას და ლილოს სარკინიგზო ხაზს შეუერთდება. ამ გზაზე შუალედური სადგურის მშენებლობაც იგეგმება.