ირაკლი ტრიპოლსკი: „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა!“
თბილისი, 12 ოქტომბერი,
საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესმდივან ირაკლი ტრიპოლსკის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ხელმეორედ 2005 წლის 8 აგვისტოს მიანიჭა. როგორც ტრიპოლსკი საკუთარ ბლოგზე წერს, „ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს აიღო და ამავე წელს მას შემდეგ დაკარგა, რაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო“.
„ამის შემდეგ, 2005 წლის 8 აგვისტოს, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა კიდევ ერთხელ მიენიჭა. ამჟამად ბ. ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა“, – აღნიშნავს ტრიპოლსკი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და მას ეს სტატუსი 2004 წელს შეუწყდა.