პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

BID2თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართავს. საქინფორმი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა, ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ. ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია, სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს. ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ „ვედომოსტს“ მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა).

ინტერვიუში კარგად ჩანს ჟურნალისტის გამძაფრებული მცდელობა, როგორმე მამხილოს რაიმე არაკანონიერებაში, თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ მან ვერაფერს მიაღწია, პირიქით, ამ ინტერვიუში თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ რუსეთისა და არამარტო რუსეთის ბიზნესისთვის უპრეცენდენტო მაგალითები, რომლებსაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ. აი, ერთ-ერთი მათგანი:

1998 წელს, როცა რუსეთის სახელმწიფომ დეფოლტი გამოაცხადა, ჩემი ბანკი ერთადერთი იყო იმ უმსხვილესი ბანკებიდან (სხვადასხვა ტიპის საბანკო რეიტინეგებში მე-2-მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ფილიალების რაოდენობით მე-2 იყო „სბერბანკის“ შემდეგ), რომელმაც პირნათლად შეასრულა მეანაბრეებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან ნაკისრი ყველა ვალდებულება. იმავე ინტერვიუში მე ვიხსენებ რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის სიტყვებს ევროპისა და ამერიკის გაწბილებულ ბიზნეს-ელიტასთან შეხვედრისას, სადაც ის ამბობდა, თუ როგორ ზეწოლას განიცდიდა მათგან, რომ ასე უხეშად გადააგდეს ისინი, რის შედეგადაც უამრავი ფული დაკარგეს რუსეთში და რომ მის მძიმე პოზიციას როგორ ამსუბუქებდა ერთადერთი პრეცენდენტით, რომელიც ჩემი ბანკის საქმიანობით შეიქმნა. ამ პრეცენდენტით და არამარტო ამით, მე უმწიკვლო სახელი მაქვს, როგორც რუსეთის, ისე  ევროპის და ამერიკის ბიზნეს-ელიტაში. ამიტომაც, როდესაც სააკაშვილის აბსოლუტურად არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი განცხადების შედეგად რუსეთის მთავრობის მისამართით, რუსეთის მთავრობა ისე გაღიზიანდა, რომ საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელი და გაუაზრებელი ქართველების დეპორტაცია დაიწყო, ჩემი ბიზნესისთვის ხელისხლება მაშინაც კი ვერავინ გაბედა.

ვფიქრობ, ის გამოცდილება და ის თვისებები, რაც ბიზნესში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ შემძინა, ხელს შემიწყობს, სწორად წარვმართო ჩემი საქმიანობა პოლიტიკაშიც. როგორი მენეჯერი ვარ ამის დასამტკიცებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ ცხრა წელია, რუსეთში არ ჩავსულვარ, მაგრამ ჩემს მიერ აწყობილი ბიზნეს-სტრუქტურები აბსოლუტურად გამართულად მუშაობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები ჯიუტად ცდილობენ რუსულ პოლიტიკასთან მიმაბან და ლამის რუსეთის აგენტად გამომაცხადონ, ვერავინ დამისახელებს ამის დამადასტურებელ თუნდაც ერთ ფაქტს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

როგორც ვთქვი, ცხრა წელი რუსეთში არ ვყოფილვარ და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ზარი ჩემს ტელეფონზე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან, არ მქონია არცერთი შეხვედრა რუს პოლიტიკოსებთან. საქართველოს ხელისუფლებას ამის გადამოწმება არ გაუჭირდება, თუმცა ამის გადამოწმებაც არ სჭირდებათ - მათ ისედაც შესანიშნავად იციან, რომ რუსულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მქონია და არ მაქვს.

ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ბინძურ ჭორებზე და აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას არ ვაპირებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს - საქმე, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაკეთებ საქართველოში, თუ სინდისის ნატამალი აქვს, როგორ შეიძლება, რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშიროს ვინმემ? სად არის აქ ელემენტარული ლოგიკა? - საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია.

2008 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რის გამოც ამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა, წამოვიდა სიბინძურის ნიაღვარი ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან, დაიწყო მუქარები, შანტაჟი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ - ჩემს საქმიანობაში შავი ლაქები და ხარვეზები ვერ იპოვეს  ვერც იპოვნიან მას, რაც ბუნებაში არ არსებობს. სხვათა შორის, ამ უსაფუძვლო ბრალდებების გასაბათილებლად გამოიცა საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი, სადაც ამომწურავი პასუხია გაცემული ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჟურნალისტებს ვთხოვ, ხელახლა ნუ დაიწყებენ საუბარს იმ თემებზე და ხელახლა ნუ მომთხოვენ პასუხს იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხი უკვე გაცემულია.

და ბოლოს, რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში.

როგორც ზემოთ ვთქვი, მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას. რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ! ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელს ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებას და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ. ამასთან ერთად, იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და ამავე დროს, უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევთ მუშაობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ძალიან ახლობელ ადამიანებსაც არ ვაპატიე, როცა მათ კანონით დაწესებულ ნორმებს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს გადაუხვიეს. შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ საქვეყნო საქმეები თავის პირად ინტერსებს მოარგოს და სხვის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს. ვიმეორებ, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!

რატომ მოვედი პოლიტიკაში

ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: იმიტომ, რომ ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს აქვს ფასი, არც  ქონებას, არც - ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას. ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება, ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა. ვისაც არ სჯერა, შეუძლია, გადაამოწმოს და ნახოს, როგორ დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს – „შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო“. ჩემმა უფროსმა ვაჟმა უტამ მითხრა, „თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო“. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი, ახლა კი ჯერი თქვენზეა. ახლა თითოეულმა თქვენგანმა, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეძლოს საკუთარ თავზე გამარჯვება და საერთო საქვეყნო საქმის გარშემო დარაზმვა.

ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანაბარნი და თანასწორუფლებიანი ვართ და ყველას თანაბრად გვაწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.

პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს.

მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველ ყოვლისა, შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს, ზოგადად, პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში.

მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად.

საქართველოს დასაკარგი კაცი არ ჰყავს, თითოეული ადამიანის პოტენციალი უნდა იქნეს სათანადოდ გამოყენებული და დაფასებული, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მე ყველას ვუწვდი ხელს სათანამშრომლოდ, მათ შორის, ჩემს ოპონენტებსაც, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ სანამ გავერთიანდებოდეთ, ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას, ყველა უნდა წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე არა ნიღბით, არამედ ჩვენი ნამდვილი სახით, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ ნებსით თუ უნებლიეთ წამოკიდული ტვირთისაგან.

მე მზად ვარ, საზოგადოებისგან წამოსულ ნებისმიერ კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც. არც მე ვარ უშეცდომო და ჩემს შეცდომებს არ ვმალავ, ვფიქრობ, ასევე უნდა მოიქცნენ სხვებიც და რაღაცებზე უარი უნდა თქვან. აი, ამის შემდეგ მე მზად ვარ, ნებისმიერ მათგანთან ვითანამშრომლო, სხვანაირად და სხვაგვარად ჩვენი ურთიერთობა არ შედგება.

ჩემი აზრით, ჯერ უნდა გაივლოს სადემარკაციო ხაზი, უნდა შეიქმნას ორი პოლუსი და ნათლად უნდა ითქვას, მიზეზთა და მიზეზთა გამო ვის გვერდით ვერ დავდგები და ვისთან ვერ ვითანამშრომლებ.

ვისთან ვერ ვითანამშრომლებ?

ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ.

ჩემი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება. სინამდვილეში, სააკაშვილის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას - ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან. სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას.

მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ ქრისტიან-დემოკრატებთან, ლეიბორისტებთან, ახალ მემარჯვენეებთან, ედპ-სთან, ქართულ პარტიასთან, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა. ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთ ნახსენები პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა.

დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ.

არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სოზარ სუბარზე, ადამიანზე, რომელსაც ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და რომელსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მტკიცე პოზიცია ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ. დიდი გულის ტკივილით და სინანულით ვამბობ, რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო. თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები.

კიდევ ვიმეორებ, თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებ ზემოთ დასახელებულ ოპოზიციურ პარტიებთან და არა ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან.

მასმედია

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ მედიასთან მიმართებაში ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია, საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე განმარტების გაკეთება.

სიმართლე მწარეა, მაგრამ თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ მისთვის თვალის გასწორებას, ეს ქვეყანა განწირულია მუდმივ შიშსა და სიცრუეში არსებობისათვის.

მე ვეკითხები მაესტროს ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციასა თუ დამფუძნებლებს: როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერ ეროსი კიწმარიშვილის კომპანია, ადამიანის, რომელმაც სხვას რომ თავი დავანებოთ, მისივე აღიარებით, 2008 წელს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დაასამარა ხალხის რეალური არჩევანი, შეიძლება თუ არა, რომ ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი?

მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ:

1. მზად ვარ, თქვენს წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი, კაცმა არ იცის საიდან მოტანილი დაფინანსებით ასრულებს (ან არ ასრულებს) თქვენს წინაშე.

2. გავაფორმო სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ჩემს პირად მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

3. დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება. ჩვენ ერთად შევუქმნით მათ საშუალებას, გათავისუფლდნენ ფსევდო-კეთილდღეობის მარწუხებიდან.

4. ერთად უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ხალხს და დავიწყოთ ეს მეოთხე ხელისუფლებით, ანუ თქვენით.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო „მაესტროს“ წამყვან ჟურნალისტ შალვა რა





E-mail: saqinform@mail.ru