საზოგადოება
გიორგი განუგრავას საქართველოში დაბრუნება უნდოდა
ganugravaaaთბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. 23 წლის ქართველ ნახევარმცველ გიორგი განუგრავას უნგრულ „დიორთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს. კლუბში ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი აღარ აღმოჩნდა, ამიტომ ქართველმა კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა. „დიორმა“ განუგრავა 6 თვით  „ლომბარდ პაპაში“ გაანათხოვრა, სადაც მან 9 შეხვედრა ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა. უნგრეთის ჩემპიონატში „პაპა“ 14 ქულით 8-ე ადგილზე იმყოფება.
საქინფორმის კორესპონდენტი მაგდა კლდიაშვილი გიორგი განუგრავას უნგრეთში დაუკავშირდა.
– „დიორში“ ქართველების რაოდენობა თვალშისაცემი იყო. უნგრულ კლუბში რვანი იყავით, თუმცა უმეტესობას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა, მათ შორის, შენც. რა იყოს ამის მიზეზი?
– იყო დრო, როცა მართლა ბევრი ქართველი შევიკრიბეთ „დიორში, მაგრამ მიზეზთა გამო ჩვენი რიცხვი შემცირდა. დღეს იქ მხოლოდ რატი ალექსიძე თამაშობს. მეც და ლაშა თოთაძეც დღემდე „დიორის“ წევრები ვართ, კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე გვაკავშირებს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო გუნდის დატოვება გადავწყვიტეთ. – „დიორიდან“ წასვლა თქვენი სურვილი იყო თუ კლუბის?
– სეზონის დასაწყისში „ლომბარდ პაპაში“ ჩავირიცხეთ მე და თოთაძე 6-6 თვით განათხოვრების შეთანხმებით. პირადად მე, თანახმა ვიყავი, გუნდი დამეტოვებინა სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, თუმცა მათივე დახმარებით „ლომბარდში“ აღმოვჩნდით. ჩვენი და კლუბის ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა ყველაფერი.
– დეკემბერში იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩენას ხომ არ აპირებთ „ლომბარდ პაპაში“?
– თუკი „დიორის“ სურვილი იქნება, დავბრუნდებით, თუ არადა, დავრჩებით ამ გუნდში, ვინაიდან კონტრაქტი სწორედ პირველ კლუბთან გვაკავშირებს. საპრეტენზიო აქ ნამდვილად არაფერი გვაქვს. პრობლემა, რაც „დიორში“ მქონდა, აღარ მაწუხებს და მუდმივად ფორმაში ვარ. პაპა ძალიან ლამაზი, პატარა ქალაქია, სადაც ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. გუნდის თამაში მათთვის დღესასწაულია. გადასვლის მომენტიდან ძირითად შემადგენლობაში ვართ ორივე ქართველი. კარგად მიგვიღეს გუნდში. მწვრთნელის ნდობა ვიგრძენით და არ გაგვჭირვებია.
– „პაპაში“ გადასვლამდე საქართველოში აპირებდით დაბრუნებას...
– გარკვეული მიზეზების გამო ვფიქრობდი ამას. ეს მხოლოდ უთამაშებლობას არ ეხება. საქართველო მომენატრა. ნოსტალგია მომაწვა და დაბრუნება მომანდომა, თუმცა გავძელი და ამას არ ვნანობ.
– საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი იმითაც ხომ არ იყო განპირობებული, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონემ  მოიმატა?
– საბედნიეროდ, საქართველოს ჩემპიონატის დონემ მართლა მოიმატა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უნგრეთის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.
თბილისის „დინამოს“ სურდა შენი გადმობირება, მაგრამ „დიორმა“ უარი უთხრა...
– ეს საუბარი „დინამოს“ ძველი ხელმძღვანელობის დროს იყო. მიზეზად კი დამისახელეს, რომ გუნდისთვის საჭირო ვიყავი და არსად გამიშვებდნენ. თუმცა მალევე მწვრთნელი შეიცვალა და შემადგენლობაშიც აღარ მაყენებდა.
– კიდევ გკითხავთ, რას აპირებთ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ?
– ჯერჯერობით მართლა არ ვიცი. „პაპაში“ თავს ფეხბურთელად ვგრძნობ, ძველებურ ფორმას ვიბრუნებ. ტრავმები მოვიშუშე, თუ მცირე მიკროტრავმებს არ ჩავთვლით, ყველა თამაშს ჯანმრთელად ვხვდები.