საზოგადოება
ყურძნის დაბალი ფასი და დაკეტილი ქარხნები

Cabarebaთბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, „თავისუფალი საქართველო“ მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ყვარლის რაიონის სოფელ გავაზს ესტუმრა.

გლეხების ძირითად პრობლემას ყურძნის დაბალი ფასი წარმოადგენს. ქარხნები მაღალი ხარისხის ყურძენში მოსახლეობას 45 თეთრს სთავაზობენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მევენახეები ამ ფასადაც ვერ ახერხებენ მოწეული მოსავლის ჩაბარებას. ადგილობრივების განცხადებით, თუკი ასეთი ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდა, გლეხები იძულებულნი გახდებიან, აჩეხონ ვენახი.

პარტიის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და მოსახლეობის პრობლემებს. კახა კუკავამ გლეხებთან შეხვედრისას ისაუბრა რუსეთის ბაზრის დაბრუნების აუცილებლობაზე და ამ ინიციატივის ფარგლებში მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებზე.

„სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტზე წლიდან წლამდე მცირდება. გასაღების ბაზრის არარსებობის პირობებში კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც სოფლის მეურნეობის დარგის სრულ მოშლას განაპირობებს. ეს ყოველივე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ეკონომიკური, ისე დემოგრაფიული თვალსაზრისით და ქართული სოფლის გაქრობის რეალურ საშიშრობას ქმნის“, – აცხადებს „თავისუფალი საქართველო“.

კახა კუკავამ მოსახლეობას გააცნო რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმება ემბარგოს მოხსნასთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „თავისუფალი საქართველო“ სოფლის მეურნებაში არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით განაგრძობს მუშაობას და გამოთქვა მზაობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს.