პოლიტიკა
საქართველოში ნატოს საბჭო ჩამოვა

rasmuseni22თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ნოემბერში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს – ნატოს საბჭოს, მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომას ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს. „ნატო საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ინფორმაცია ნატოს შემადგენლობის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ალიანსის ვებგვერდზეა (www.nato.int) განთავსებული. რასმუსენის განცხადებით, დელეგაციის ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული ვითარების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში დარწმუნება.

„საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. სხდომის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ადგილზე დავრწმუნდეთ, რამდენად შეესაბამება დღეს საქართველო ნატოს სტანდარტებს, შეფასდეს მისი სამხედრო ბიუჯეტი და თავდაცვითი პოტენციალი, ასევე, საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში“,– ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დანიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში გაწევრებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

ნატოს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილმა ვიზიტმა რუსული მედიის გააქტიურება გამოიწვია. რუსული გამოცემები წერენ, რომ ნატოს წევრები ჯერ მზად არ არიან საქართველოში ვიზიტისთვის.

„Красная звезда“ ცდილობს, ნატოს დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლას ისეთი მიზეზი მოუძებნოს, სადაც საქართველოს როლი გამორიცხული იქნება. „2008 წელს, ბუქარესტში გამართულ სამიტზე საქართველოს და უკრაინას მაპ-ის მინიჭებაზე უარი უთხრეს. ბევრი ევროპული ქვეყანა – ბლოკის წევრები, მზად არ არის, საქართველო თანასწორი პარტნიორის რანგში იხილოს. თუმცა ეს არ აჩერებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ამერიკული მხარდაჭერის იმედი აქვს“, –აღნიშნავს გამოცემა.