სამართალი
ზუგდიდი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. სულ რამდენიმე წუთია, რაც ზუგდიდში „ლაზიკა კაპიტალის“ ოფისის შენობასთან კრედიტორების აქცია გაიმართა. ბანკს პრეტენზიით 30-მდე მომხმარებელმა მიმართა. აქციის მონაწილეები ბანკისგან 2008-2010 წლებში გაცემული სესხების ჩამოწერას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ბანკმა სესხები არაკანონიერად გასცა, რის გამოც უნდა ჩამოიწეროს.
დაზარალებულები თაღლითური გარიგების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ დასაქმების პირობით მოსახლეობას – 400-მდე მომხმარებელს, სესხები გამოატანინა, სულ – 1 მლნ 201 ათასი ლარი. საქმეში ბანკის კრედიტოფიცერი სოსო ზარქუაც მონაწილეობდა. ორივე მათგანი თაღლითობისთვისაა გასამართლებული.„ლაზიკა კაპიტალის“ კლიენტების საქმე სასამართლომდე მივიდა, რამდენიმე მათგანს ქონება უკვე ჩამოერთვა, არაერთი საქმე კი განსახილველადაა შესული.
ბანკის იურისტ არველოდ ბეჭვაიას განცხადებით, ორგანიზაცია კანონის ფარგლებში მოქმედებს და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგ ახდენს იძულებით აღსრულებას. როგორც იურისტი აცხადებს, „ლაზიკა კაპიტალისგან“ თანხები მომხმარებლებმა თავად გაიტანეს და გარეთ რა მოხდა, ეს ბანკის პრობლემა არ არის.