სამართალი
„მეტალურგმა“ ფეხბურთელები დასაჯა

metalurgiთბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსთავის „მეტალურგმა“ მე-7 ტურში ზესტაფონში 2:0 წააგო, რის შემდეგაც რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ხელმძღვანელობამ მათ მიმართ ფინანსური სანქციები გაატარა.

როგორც საქინფორმისთვის გახდა  ცნობილი, ალექსანდრე კვახაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ჭედია, გიორგი მიქაბერიძე ხელფასის 20%-ით დააჯარიმეს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი „მეტალურგის“ დირექტორ ბუბა ტყავაძეს ვთხოვეთ, რომელმაც განაცხადა: „საჯარიმო სანქციები გამოიყენება მაშინ, როდესაც რაღაც უკმაყოფილება არსებობს“.

„კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, განა იმიტომ, რომ ამ ფაქტის დამალვა მსურს, უბრალოდ, ეს გუნდის შიდა სამზარეულოა და არ გვინდა ამაზე საუბარი. გუნდში უკვე ითქვა, რაც სათქმელი იყო, შენიშვნები გაიცა და ფეხბურთელებმა გაიგეს, რასაც ვითხოვთ მათგან. იქნება როგორც წახალისება, ისე საჯარიმო სანქციები“, – განაცხადა ტყავაძემ.

ფაქტია, რომ ამ სანქციების შემდეგ რუსთაველებმა გაცილებით კარგი და სანახაობრივი თამაში აჩვენეს გორის „დილასთან“, ვიდრე ეს „ზესტაფონთან“ გამოუვიდათ.