ნიკოლოზ გელაშვილს ილია კოკაია ზამთარში გაყიდის
თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ ნიკოლოზ გელაშვილი 2008 წლიდან ირიცხება და ამ დღიდანვე ფეხბურთელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. იმოქმედა თუ არა გეგუჩაძის გუნდიდან წასვლამ „ბრიუგესთან“ მატჩზე და როდის წავა გუნდიდან გელაშვილი, საქინფორმის კორესპონდენტი მაგდა კლდიაშვილი ნიკოლოზ გელაშვილს ესაუბრა. – გია გეგუჩაძემ „ზესტაფონი“ „ბრიუგესთან“ მატჩის წინ დატოვა. რა გავლენა იქონია ამან შედეგზე? – მაგას ვერ ვიტყვი, რომ იმოქმედა. ფაქტია, პირველი თამაში 3:3 დავასრულეთ. უშუალოდ შედეგზე ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მცირე ფსიქოლოგიური მომენტი იყო, მაგრამ გარდატეხა რომ შეეტანა თამაშში – მსგავსი არაფერი. – საკმაოდ საკამათო მსაჯობა იყო „ბრიუგესთან“. შემდეგ ეტაპზე რომ ვერ გადახვედით, მსაჯობას ხომ არ მიეწერება? – პირველი თამაშიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ იმოქმედა, მაგრამ მეორე შეხვედრაში გვაჯობეს. თბილისში ისეთი გოლი ჩაგვითვალეს პირველსავე წუთებზე, ლაპარაკი ზედმეტია. გასვლაზეც იგივე მოხდა, მაგრამ მსაჯს ვერ დავაბრალებთ გამოვარდნას. მოგვიგო და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
– ევროპის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრები ტრავმებით ჩაატარეთ. ხომ არ გარისკეთ თქვენი ჯანმრთელობით? – ტრავმები ნამდვილად მქონდა, მაგრამ გარისკვით არ გამირისკავს. ექიმები ამის შესახებ გამაფრთხილებდნენ და თამაშის უფლებას არ მომცემდნენ. – ჩემპიონატის ახალი სეზონი არასტაბილურად დაიწყეთ. ქულა „კოლხეთთან“, „დინამოსთან“, შემდეგ გამანადგურებელი მარცხი „დილასთან“... გადაიღალა გუნდი? – რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც არის. უფრო ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი პერიოდი. დიდი ხანია, ვვარჯიშბთ. „მეტალურგთან“ მოვიგეთ, მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. გორთან კი წავაგეთ, მაგრამ ეს უფრო შემთხვევითობა იყო. – რა შეიცვალა გუნდში გია ჭიაბრიშვილის მოსვლის შემდეგ? – რომ გითხრათ, რომ რაიმე ძირეული ცვლილება მოხდა, ასე არ არის. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. ესაა და ეს. – „ზესტაფონის“ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი ხართ, შესაბამისად, სატრანსფერო თვალსაზრისით – საკმაოდ საინტერესო. აქამდე გუნდში როგორ გაგაჩერეს? – ჩემამდე ინფორმაცია არ მოდის, რომელი გუნდია დაინტერესებული. პირდაპირ კლუბის პრეზიდენტთან მიდის მოლაპარაკება. როგორც ილია კოკაია შემპირდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამიშვებს, თუკი სათანადო გუნდი გამოჩნდება. შემოთავაზება რეალური უნდა იყოს. – როგორც ვიცი, ყაზანის „რუბინი“ ნებისმიერ დროს მზადაა, შენს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს... რა აფერხებს ამას? – ვერაფერს გეტყვით „რუბინზე“. კიდევ გავიმეორებ, რომ ტრანსფერებზე უშუალოდ კლუბის პრეზიდენტს მისდის ინფორმაცია. რომც ვიცოდე, რა აზრი აქვს?! „ზესტაფონთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერჯერობით ამ გუნდის ფეხბურთელი ვარ. – ესპანეთში შეკრებისას, ინციდენტი მოხდა – თქვენ და გიორგი ხიდეშელი შეკრებიდან გამოგიშვეს. კულუარებში ამბობდნენ, რომ ეს ჩაშლილ ტრანსფერებს უკავშირდებოდა, ისიც ითქვა, რომ თქვენ და ხიდეშელმა იჩხუბეთ... – ტრანსფერებთან ამას კავშირი არ ჰქონია. დავარღვიეთ ვარჯიშზე გუნდის შიდა განაწესი. ხიდეშელთან კი არანაირი კონფლიქტი არ მქონია. დისციპლინის დარღვევის გამო გამოგვიშვეს. – ბოლო წლებია, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ხდებით, თუმცა ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი ჯილდო გაუქმდა... თქვენი რეაქცია? – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთ ჩემპიონატში, როგორიც საქართველოს აქვს, ასეთი პრიზები უნდა წესდებოდეს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაშია საუკეთესო ფეხბურთელისთვის, თავდამსხმელისთვის და ა.შ. ჯილდოები დაწესებული. სამი წლის წინათ ავიღე ერთადერთხელ ასეთი პრიზი. შემდეგ გააუქმეს, არადა, ამით ხომ ისტორია იწერება? არ უნდა დაუკარგონ ფეხბურთელებს ეს სიამოვნება. სტიმულის მომცემია, რომ წელს მე გავხდი საუკეთესო, მომავალ წელს სხვა გახდება.ნამდვილად გული მწყდება. აუცილებელია წახალისება. ვიღაცამ ხომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში საუკეთესო გახდა ესა და ეს ფეხბურთელი? მითუმეტეს, „ზესტაფონმა“ წელს ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენი გუნდიდან ბევრი იმსახურებდა ამ ჯილდოს. – ჩემპიონატის სეზონი და ევროსარბიელიც, თამაშებიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეთ, თუმცა ნაკრებში მაინც არ გამოგიძახათ თემურ ქეცბაიამ. თქვენი წარუმატებელი სანაკრებო თამაშები იმის ბრალიც ხომ არაა, რომ თქვენს პოზიციაზე არ თამაშობდი? – ჩემს პოზიციაზე თამაშს რაც შეეხება, მართლაც არ მითამაშია იქ, სადაც „ზესტაფონში“ ვთამაშობ, მაგრამ ნაკრებს როცა სჭირდება და მწვრთნელი რასაც გეტყვის, იქ უნდა ითამაშო. გული მწყდება, რომ ვერ გავამართლე იმ პოზიციაზე, სადაც მათამაშეს. გამოძახებაზე მწყდება გული. ყველა ფეხბურთელის მიზანი ისაა, რომ იყოს კარგი და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. გული მეც დამწყდა.