პოლიტიკა
თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში 14 ოქტომბრიდან გამოჩნდება.
როგორც ბიზნესმენის პრესმდივან ირაკლი ტრიპოლსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ივანიშვილი 14 ოქტომბრიდან იქნება მზად, საზოგადოებრივ ტელეარხზე ნებისმიერ ფორმატში ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხოს. „ივანიშვილის პირველმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. 12 ოქტომბერს ბატონი ბიძინა გაავრცელებს მიმართვას ქართველი საზოგადოებისადმი, რომელშიც ნათლად იქნება განმარტებული მისი დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ. ბიძინა ივანიშვილი 14 ოქტომბრიდან მზად არის საზოგადოებრივ არხზე ნებისმიერ ფორმატში ჟურნალისტთა შეკითხვებს პასუხი გასცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.