თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების შესახებ რუსულ-ქართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
ძირითადი საკითხი, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, იყო ის, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის საქართველოსთვის ხელმისაწვდომობას არ დათანხმდა.
„საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებას იქამდე არ დათანხმდება, სანამ ის არ შეცვლის პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის რეჟიმთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მედვედკოვი კი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ წამოყენებული მოთხოვნები „ვე-ტე-ო“-ს პასუხისმგებლობის საზღვრებს სცდება.
სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ეს იყო ორმხრივი მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს იმაში, რომ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თუმცა, როგორც „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები 17 ოქტომბერს განახლდება.