საქინფორმის სტუმარია - საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მსახიობი, მრავალი სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში და სვანი სოსო ჯაჭვლიანი.
– ბატონო სოსო, რაიმე რეგალიებს თუ ფლობთ, გარდა იმისა, რომ მსახიობი, მკლავჭიდის ჩემპიონი და ბოლოს – რეჟისორიც კი გახდით?
– რეგალიებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით: „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მსახიობი ვარ. ყველაზე დიდი წოდება კი, სვანი რომ ვარ, ისაა (იცინის). ყველაზე დიდი რეგალია ჩემთვის პატრიარქის დაბარება აღმოჩნდა. სპორტული ინეტერესი კი არ მქონია, პატიმრობისას ოცდაათი დღე რომ ვიშიმშილე... ეს ჩემი პროტესტი იყო, რადგან ხალხს ასე მოექცნენ. პატრიარქის დანაბარებზე – თუ შეძლებს მოსვლასო?! – შევძელი კი არა, იმხელა ძალა მომეცა, ლომს შევუვარდებოდი. ეტყობა, ეს იმ მადლის ძალაა, რაც პატრიარქისგან მოდის. ოჯახთან ერთად ოცდამეათე დღეს მივედი. მუხლებზე დავუდექი და პატიება ვთხოვე, რადგან მისი თხოვნა არ შევასრულე შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. მანამდე შევუთვალე – ნუ დამჩაგრავს, მე ასე მინდა-მეთქი. ყველა დიდი რეგალია კი ის იყო, მისვლისას რომ დაგვლოცა, მერე მე – ოქროს ჯვარი, ჩემს მეუღლეს – მედალიონი და შვილებს ჯვრები რომ გვაჩუქა. პატრიარქის დალოცვაზე დიდი ჯილდო სოსო ჯაჭვლიანის ოჯახისთვის არ არსებობს.– ბოლო ხანს ძალიან გააქტიურდა პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ხელისუფლება საზოგადოებისთვის ყველანაირ ავტორიტეტს ებრძვის. მათ შორის, ქართველთათვის ყველაზე დიდ ავტორიტეტს – პატრიარქს. ადამიანები ვართ და ბევრი რამ არ მოგვწონს და არც გვესმის. მაგალითად, რატომ დაჰკიდა პატრიარქმა იგივე რონალდ ახალაიას ჯვარი?! არ გვესმის, რომ ჯვრის დაკიდება ჯილდოს კი არა, იმ ტვირთს ნიშნავს, რომელმაც, თუ შესაფერისად არ ატარე, შესაძლოა, გაგსრისოს. ვითხოვთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი – ანტიქართული ხელისუფლების გასტუმრებაც, პატრიარქმა ითავოს... მოგვიწოდოს ამისკენ...
– ინტერვიუმდე ვსაუბრობდით ქართულ სუფრაზე. ვთქვი, რომ არ მომწონდა, უვარგისსა და კარგ ადამიანს – ორივეს ერთნაირად რომ ვადღეგრძელებდით. ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა – არა ხარ, სოსო, მართალიო. მართლმადიდებლობა, აბა, მეტი რა არისო?! ნაძირალას რომ ადღეგრძელებ, ეგაა საქმე. ისე უნდა მოეფერო და ისეთ დღეში ჩააგდო, რომ თუ მასში იოტისოდენა სინდისია დარჩენილი, იმის წამოწევას უნდა ეცადოო.
როცა საუბარია პატრიარქზე, გავიხსენოთ, რომ ყველაფერს შეეხნენ და გადაუარეს. დღეს ჩვენი – ქართველი ერის, სულიერების საყრდენი პატრიარქი და მართლმადიდებლობაა. ესენი ხალხის დაპირისპირებას ახლა მასთან ცდლილობენ. მე კითხვას შევატრიალებ – ამოვიღოთ ყველა ეპისტოლე და ყურადღებით წავიკითხოთ. ხალხს არ გვესმის, რომ პატრიარქი სოსო ჯაჭვლიანივით ვერ ილაპარაკებს, ან ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრას და დაგიწეროს, რასაც გიწერს?! ჩვენი სულიერი მამაა. ყველანი მისი სულიერი შვილები ვართ და ბოლომდე, სანამ კიდევ იოტისოდენა ჩასაჭიდი შეიძლება დარჩეს, ის ამათ მორჯულებას მაინც ხომ უნდა ეცადოს? რასაც იმსახურებენ, ის რომ უთხრას – ამით რა?! იმაზე მეტი რაღა უთხრას, რასაც ეუბნება და უწერს?
– საზოგადოებას სურს, რომ პატრიარქისგან მოისმინოს მოწოდება – გამოდით და დაამხეთ ეს უღმერთო ხელისუფლებაო. ამას პატრიარქი არასდროს გააკეთებს...
– ყველაფერი უფლის ხელშია. დარწმუნებული ვარ, თუ ეს საჭირო გახდა, უწმიდესი ამასაც იზამს, მაგრამ... აი, ხედავთ? „მაგრამ“ რომ ვთქვი, უკვე ჩემს თავშიც ეჭვი შევიტანე. ჩვენ გვსურს, ყველაფერი ჩვენებურად იყოს. თუმცა არის ისეთი რაღაცებიც, რასაც ვერც კი წარმოვიდგენთ. ათი-თხუთმეტი წლის ამბავს ვყვები, რაღაც მოხდა აგარაკებზე. ჩემ მიერ ხელმოწერილი წერილი იდო „მებაღეობის ამბავში“. თითქოს აღწერა ჩატარდა. ახლა თქვენ რომ დაგიდონ რაღაც წერილი და გაჩვენონ ჩემი ხელმოწერა, ამ დროს ჩემი ხელმოწერა არ იყოს... ასეთ რაღაცებთან გვაქვს დღეს საქმე. ასეა შესაძლებელი ადამიანების განზრახ შეცდომაში შეყვანა. ეს „კა-გე-ბე“-ს მეთოდებია. ასე რომ, ესენი ყველაფერს შეეცდებიან, პატრიარქი გასვარონ და ის დიდი ავტორიტეტი შეურყიონ, რომლის მოპოვებაც თავად ვერაფრით მოახერხეს.
– ბატონო სოსო, მაინც არის პატრიარქის მოწოდების მოთხოვნა ერში. ხელისუფლებისა და საზოგადოების გახლეჩის მოსურნეს დაგებულ მახეში ყველა ვერ ხედავს. არავინაა მშველელი. ოპოზიციისაც აღარავის სჯერა. პატრიარქს შევყურებთ და გადამწყვეტ სიტყვასაც მისგან ამიტომ ველით. 27-ის მარშზე რას იტყვით?
– იმ ოცდაათდღიანი შიმშილის შემდეგ იმდენი რამ დავინახე და გადავაფასე, რაც მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ხომ იცით, მარტოდ ჯდომა ფიქრისკენ განგაწყობს. ახლაც ვზივარ, ვფიქრობ ჩემთვის... რა შუაშია მარში, მიუხედავად „ეროვნული ფორუმის“ მიმართ ჩემი პატივისცემისა, თუნდაც, 26-ში რაც მოხდა... არაა საჭირო ცუდად და კარგად დახარისხება. ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის, მაგრამ არსებობს რაღაც პრინციპები, როცა, უბრალოდ, უნდა მიხვიდე და დადგე. 25-26-ში ვინც იქ იმყოფებოდა, მათ თქვენ მიმართ ლოგიკური კითხვა არ გაუჩნდება – შენ სად იყავი მაშინ, ხალხს რომ უმოწყალოდ არბევდნენ და ხოცავდნენო? ან ეს მარში რას გვაძლევს?! ამბობენ, რომ თურმე ასეთი მარშით მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ პროტესტი. ვინც უნდა გააჩერო, აფხაზეთზეც და სამაჩაბლოზეც და, ნაციონალების მომხრეების გარდა, ხელისუფლებაზეც თავის პროტესტს ნებისმიერი დაგიფიქსირებს. მე ეს ყველაფერი მაინც თამაში მგონია.
ვინმესთან რომ არ შევრცხვე, რაღაცების გადამოწმებას ჯერ ჩემთვის კიდევ ვცდილობ. ერთი- ორი კვირის ფიქრის შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახე, პირადად შემეხო და მოვისმინე, ალბათ, ვიტყვი, რა როგორ იყო.
იქნებ, არ ვარ მართალი, ოპონირება ხომ უნდა გამიწიოს მან, ვინც ამაში არ მეთანხმება?! ძალიან ბევრი რაღაც ვიცი, რაზეც საუბარი ლამაზი არ არის. რაც მოხდა ჩვენ ირგვლივ, ხომ დავინახეთ, რომ ყველაფერი „სიაფანდობა“ იყო? არ გამოჩნდა ადამიანი, ვინც არც უკან დამხევია და არც სიტყვის უკან წამღები. რასაკვირველია, თუ შეცდი, სიტყვებიც უკან უნდა წაიღო.
შეუცდომელიც ხომ მარტო უფალია... ადამინებმა ყველაფერი ვიცით. ესენი კი მაინც ჯიქურ გვაწვებიან და ამასობაში ქვეყანა თავზე დაგვემხო.
ჩერქეზების გენოციდზე ბევრს რომ ლაპარაკობს ხელისუფლება, უცხოეთში ჩერქეზებმა მიტინგი რომ ჩაატარეს, აფახაზებმა და ოსებმა ქართული დროშა არ გააშლევინეს. სად მივძვრებით, ვისთან მივძვრებით? 150 წლის წინათ რაღაც მოხდა... 150 წლის წინათ ამერიკაში რა ხდებოდა, გამაგებინეთ, თუ იციან?!
– გენოციდი არ არის, რასაც ხელისუფლება ქართველ ხალხს მიზანმიმართულად უწყობს?
– აბა რას შვრება – გენოციდს უწყობს და უტარებს ყოველ წამს და ყოველდღე, 2003 წლიდან მოყოლებული, დღემდე. უკვე ოცი წელია, ქართველებს გენოციდს არ გვიტარებენ?!
– ბატონო სოსო, ისევ საპატრიარქოს თემას მივუბრუნდეთ, რადგან უკვე ჩვენს ბოლო ბურჯსა და სახელმწიფოებრიობის ბოლო საყრდენს მიადნენ. რას გვეტყვით პარლამენტის მიერ საპატრიარქოსთვის თავსმოხვეულ კომფესიების გათანაბრების კანონზე... ჩემი ინფორმაციით, საპატრიარქომ მას სულ რამდენიმე დღის წინათ მოაწერა ხელი. პატრიარქმა მასზე ვეტოს დადება მოითხოვა. პრეზიდენტმა კი ეს არ გააკეთა.
– პატრიარქმა გასაგებ ენაზე თქვა, რომ არ ეთანხმება. შეაჩერეთ, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონზეო. გამგები გაიგებდა. ე.ი. მაინც მოაწერეს ხელი?!
– ამდენ ხანს უწმიდესი ხალხის რეაქციას ელოდა. ხელისუფლებაც ელოდა ამას. ხალხმა კი, ჩვეულებისამებრ, ამაზე რეაქციაც პატრიარქს ავკიდეთ...
– მე ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ ამით მერე რა მოხდა ასეთი?.. საქართველოში პირველი და წარმმართველი მართლმადიდებლობა არ უნდა იყოს? ჩავიდნენ ისრაელში ან საამიროებში და იქ წამოაყენონ ყველა კომფესიის პარიტეტის საკითხი. ანუ ეს იგივეა, სახლში რომ შემომისახლდე – ერთი, ორი, ხუთი, მრავალი წელი რომ იცხოვრო... ანუ – რაც საქართველოში ხდება; მერე კი გამომიცხადო – ახლა მე და შენ პარიტეტზე დავდგეთ და ამ სახლში ერთნაირი უფლება უნდა გვქონდესო. რა, მე შენს უფლებას ვარღვევ? არ გაძლევ ამ ქვეყანაში ცხოვრებისა და არსებობის ყველანაირ უფლებას?.. ფაქტობრივად, ქართველებს ხომ გენოციდს გვიწყობენ... გამოდის, რომ ერთ 15-20 წელიწადში ქართველები უმცირესობაში იქნებიან.
– ამიტომ ხდება ყველაფერი ასე. ქონებრივი დავაც კი მიმდინარეობს ქართულ ტაძრებზე უფლების მოსაპოვებლად. ჯვრის მონასტერზე მეზობელი სახელმწიფო პრეტენზიას რომ გამოაცხადებს, როგორია? ჟვანიადან მოყოლებული, მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ ეთნოსებს ეროვნულ უმცირესობებს ვეძახით...
– არ არიან ასეთები ეროვნული უმცირესობები. ჯერ ერთი, საქართველოს მოქალაქეები არიან. მეორეც, ეგენი დიასპორაა და ვალდებულნი არიან, განათლებაც და ბევრი სხვა რამ თავიანთი სახელმწიფოს და არა საქართველოს ხარჯით დაიფინანსონ. ასეთი დიასპორებისთვის ქართული სახელმწიფოსაგან გაწეული ფინანსები ისევ გაჭირვებულ ქართველ ხალხს აკლდება. ეროვნული უმცირესობა საქართველოში ქურთები და აფხაზები არიან. ისინი, ვისაც თავისი სახელმწიფო არ აქვს.
– აფხაზიც ქართველური ტომებია, ბატონო სოსო. ისიც ქართველია და ამათ გარკვეული დიასპორების ეთნოსების ინტერესების დაცვაში ამერიკის სენატიდანაც ეხმარებიან...
– ქართველია, მაგრამ ძველი, ქართული ტომობრივი ერთეულია. მას ზუსტად ისეთივე უფლება აქვს საქართველოში, როგორც ქართველს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ასეულობით ამდენ არაქართულენოვან სკოლას აფინანსებს. ჩავიდნენ იტალიაში, ამერიკაში და სკოლის გახსნა მოსთხოვონ. გეტყვიან – კი, ბატონო, ოღონდ შენმა დიასპორამ დაგასპონსოროსო. ასეა ყველგან მსოფლიოში. სხვის წამოსაკიდებელს ზურგზე ჩვენ რატომ ვიკიდებთ?! როგორც მეზობელმა, შეიძლება ერთი-ორი სკოლა დაგისპონსორო, მაგრამ ჩემს ხარჯზე ასეულობით სკოლის დაფინანსება შეიძლება? მე შენ ყველანაირად ხელს გიწყობ, რომ აქ იცხოვრო და ქართველზე უკეთაც იყო (ხელისუფლებას გულისხმობს. – ბ.ა.). ესაა სინგაპურიზაცია. სპეციალურად აკეთებენ – რომ რასაც გაყალბებით არჩევნებზე აქამდე სჩადიოდნენ, მერეც უპრობლემოდ იგივე „ასეთი უმცირესობების“ ხარჯზე გააკეთონ.
– გლობალიზაციაც ამას – „სინგაპურიზაციას“ არ გულისხმობს – ერთი ეთნოსი, ერთი რელიგია და საზღვრების გარეშე ერთიანი მსოფლიო რომ შექმნან?.. ბიბლიის მიხედვით, ეს „ბოლო ჟამი და ანტიქრისტეს მოსვლაა“. პალესტინამ და ისრაელმა თუ ერთმანეთს დაარტყეს, იქ განთავსებული „ომარის მეჩეთი“ უნდა დაინგრეს და მესამედ აშენდეს სოლომონის ტაძარი. ეს წინასწარმეტყველებაც ხომ ყველამ ვიცით...
– კარგია, პალესტინასა და ისრაელს რომ მიადექით. გამოდის, ეს აბასი, თუ „შაჰ-აბასი“ და – რა ტაში დაუკრეს იქ?! თურმე ამერიკა ამის (პალესტინის დამოუკიდებლობის) წინააღმდეგია. არ განვიკითხავ – ამერიკა, ევროპა ან რუსეთი როგორ იქცევა. ახლა ძალის დემონსტრირება ხდება. რასაც შენ გააკეთებ, როგორც მოიქცევი – ზუსტად ისე მოგექცევიან. ამიტომ ჩვენს მომკითხველს ის თუ არ დაანახვე, რომ შენი ოჯახის, ქვეყნის დასაცავად თავად დგახარ, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი აქ თავის ინტერესს გაატარებს. ყველას სუფრაზე რომ ვეპატიჟებით, დანარჩენმა მსოფლიომ ჩვენ ისე აღგვიქვა, რომ „ესენი“ (ქართველები) „მთლად კარგად“ ვერ არიან, ყველას „მოდი, მიირთვი და რაც გინდა, წაიღეს“ ეუბნებიანო. დედამიწაზე, ალბათ, ქართველი ერთადერთი ჯიშია, რომელიც ავადმყოფურად განიცდის, თუ სტუმარს პატივს ვერ სცემს; მეზობელთან გადავა და რაღაცას მაინც მოიტანს. დანარჩენი მსოფლიო კი, თუ არ აქვს, გეტყვის – არ მაქვს და რა ვქნაო?! ეს გენეტიკურად გვიდევს.
– ეს კავკასიური სტუმართმასპინძლობაა და, ობიექტურობისთვის, ვაღიაროთ, რომ კავკასიის სხვა წარმომადგენლებსაც ახასიათებთ ეს თვისება. ჩვენ კი სწორედ ამ გენეტიკის მოშლას გვიპირებენ. სკოლებში ისევ სექსუალური აღზრდის დანერგვას გეგმავენ…
– შლიან, მაგრამ ერთი ღარაცის იმედი მაქვს. მე სამი ბიჭი მყავს და მათ რომ ვუყურებ, ამ კუთხით, არანაირი აღზრდა მათ არ სჭირდებთ. ყველაფერს იქით გასწავლიან, ოღონდ – მამაპაპურად. ამათ „აღზრდებსა და სისულეებს“ ისე დასცინიან, შენი მოწონებული. სწორედ ასეთი გენეტიკური მომენტები და ის „ერთი პროცენტი“ იყო ყოველთვის ერის გადამრჩენი.
– მაია ასათიანის გადაცემა „პროფილში“ გამოყვანილი ოთხი შვილის დედა, რომელიც ამაყად აცხადებდა – 50 დოლარს ვიღებ დღეში და ქმარი მიშვებს სამუშაოდო, ამათ „დასაქმების პროგამაშიც“ მოხვდება, ალბათ...
– მერე, ალბათ, დაბეგრავენ კიდეც, ასეთს?!.
– ბატონო სოსო, რამდენჯერაც ხელისუფლებამ რომელიმე რეგიონზე კლიპი გადაიღო და რეკლამირება გაუკეთა – ის მხარე დავკარგეთ. გვახსოვს – „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“, „კოკოითი ფანდარასტ“... ორივე რეგიონი დაკარგულია. ახლა „პირველი ქალბატონის“ სიმღერის ფონზე სამეგრელოზე ტრიალებს კლიპი. სამეგრელოსაც ანალოგიურს ხომ არ უპირებენ ?
– სვანეთში გზებისა და ტაშ-ფანდურების შესახებ ხომ გსმენიათ? როცა დაგვაპატიმრეს, ჩემ გვერდით ორმეტრიან ვაჟკაცს ჩაასვრევინეს და ჩააფსმევინეს. მერე ვინც ეს ჩაიდინა, ჩვენს დასანახავად მივიდა, ხელი გადახვია და უთხრა – ხომ არ გეწყინა, ძმაო, აქ ასეთი წესიაო. ზუსტად იგივე გააკეთეს სვანეთში. ამათ ისე სჭირთ – ქალს ჯერ ნამუსს რომ ახდი და მერე ეფერები?!. ეს სვანები სულ ლაპარაკობდნენ მაშინ – კაცო, ეს მეგრელები... ესაო და ისაო. ახლა გულწრფელად ვამბობ – ოღონდ მეგრელებმა აიღონ მთელი საქართველო! ერთადერთი კუთხეა საქართველოში სამეგრელო და მეგრელებიც „ვიღაც-ვიღაცების“ საკითხებს კარგად არეგულირებენ, თან – ბევრნიც არიან.
– მეგრელები ისტორიული ლაზები – ძირძველი საქართველოს ლაზიკას ქართული ტომია...
– მეგრელებს ვეუბნები: ეტყობა, გენმა გაიღვიძა მეგრელებში. მე მაქვს გადაშენებული 500 სვანური გვარი. „ი“ და „ნ“ რომ მოაშორო, სულ მეგრული გვარებია. ამიტომ ამოდით, გეპატიჟებით სვანეთში. ოღონდ სვანეთში მეგრელები დასახლდნენ და მეტი არაფერი მინდა... განმუხურის ამბები გახსოვთ? ყველაფერი გათამაშებული რომ იყო. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამნეზია დაგვემართა. ყველამ ყველაფერი კარგად უნდა გაიხსენოს. როგორ შაგრენის ტყავივით დაპატარავდა საქართველო, ხომ ვხედავთ? და კიდევ აპირებენ რაღაცას, ალბათ.
ჩვენ ისიც ვიცით, რუსეთში რასაც ლაპარაკობენ, რომ თურმე ესენი – კახელები, მეგრელები, აჭარლები, სვანები, ქართველები არ არიან. ვფიქრობ ყველაფერი შეთანხმებით ხდება.
ხედავთ – ახლო აღმოსავლეთში რა ამბავია?! გადანაწილება მიდის, თანაც ისე, რომ, რაც ლიბიაში შეიძლება – ის სირიაში არ შეიძლება. შესაძლოა, კავკასიაშიც რაღაც ძალიან სერიოზული გადანაწილება მიდიოდეს. მე რუსეთის, ევროპისა და ამათ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობ. დიდი ბრიტანეთი არ იყო, გერმანია 20-იან წლებში – ყველა აქ რომ ჩამოვიდა და ტაშ-ფანდური ჰქონდათ, ყველა რომ გვაღიარებდა და გველოლიავებოდა? მერე ხომ მიგვატოვეს და შეგვატოვეს? ილია რასაც გვასწავლიდა – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, ამ პრინციპით უნდა ვიცხოვროთ. სხვის იმედად ყოფნით არაფერი გვეშველება.
– ბევრი ქართველისთვის ერთი ასეთი იმედისმომცემი კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებაა, რაც, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნის, მონა-მოსამსახურე და გაუნათლებელი ერის კატეგორიიდან გამოსვლასაც გულისხმობს სხვა დანარჩენთან ერთად...
– ისტორიული და გენეტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენთვის რაც კარგია, სწორედ ამის წინააღმდეგი არიან ის ე.წ. ადამიანები, რომლებმაც მამის სახელი, გვარი ამოიღეს პასპორტებიდან, ენასა და სარწმუნოებას შლიან. ან იმაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო, გურამ შარაძე ქუჩაში რომ მოკლეს? რამდენ ხანს ეგდო საცოდავად სისხლში და ვითომ არაფერი მომხდარა?!.
– ის სამაგალითოდ მოკლეს და დააგდეს ქუჩაში სხვების დასანახავად...
– კაცი დღედაღამ იდგა და იძახდა – ქართველებო, ეს ხდება, ის ხდებაო და ამათ – ვითომც არაფერი. მე ვეუბნები ე.წ. ოპოზიციას – მიზეზების მეტი საქართველოში რა არის?!. თუ რამის თავი და გაკეთების სურვილი გაქვთ, გააკეთეთ. გამოდიან და აქცენტს ისეთ რაღაცებზე აკეთებენ, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ ჩვენ „გვიყრიან საკენკს“ – გვაჩვენებენ, რომ ვითომ რაღაცას აკეთებენ.
ამდენი მიზეზია, გნებავთ, ეკლესიის კანონთან დაკავშირებული და ესენი რაებზე ყვირიან?!. ერთი გამონათქვამი მახსენდება: ერთმა კაცმა თქვა – დილას რომ ვდგები და შარვალს ვიკრავ, მრცხვენიაო. მე ვთვლი, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში საქართველო ქალებმა გადაარჩინეს. ხომ საცოდაობაა, რასაც მეძავ დედებზე და საზღვარგარეთ წასულ ქალებზე გვიჩვენებენ, რა დონემდე მიიყვანეს, მაგრამ მაინც ქართველი ქალების ზურგზე გადაიარა საქართველოს მძიმე წლების ტვირთმა და ტკივილმა. ქართველი ქალის დამსახურებაა საქართველოს არსებობა. ამას მე, სოსო ჯაჭვლიანი, ამაყად ვამბობ!
– ბატონო სოსო, სექტემბრის ბოლოს უფლისწული დაიბადა ბაგრატოვანთა ოჯახში. პატრიარქის წინააღმდეგაც ამიტომ გააქტიურდნენ ასე...
–ხომ იცით, ყველაფერი ზემოთ – ზეცაში წყდება. ისეთი რაღაც ხდება ხოლმე, რასაც ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს. ვინც ჩვენს ინტერვიუს წაიკითხავს, დები ხურითებით დაწყებული, ჩემი სიზმრები გაახსენედებათ.სასწაული სიზმრები მაქვს ხოლმე... გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. პატიმრობისას, ჩემთან შემოსული „წითელი ჯვარიც“ კი დედაჩემს ეუბნებოდა – ქალბატონო, თავი ისე უჭირავს, რომ იმას ვერ ვაკეთებთ, რის გაკეთებაც გვინდაო... არ ვაჩვენებდი, ცუდად რომ ვიყავი.
ასე რომ, დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს – „საქართველო მაინც გაბრწყინდება!“ ცოტა მოვიკოჭლეთ რაღაცებში, მაგრამ ქართველების ბუნება ხომ იციან – „ცხვარი ცხვარიაო“... გაშმაგებულ ქართველზეც ხომ გაუგიათ... ამიტომ ჩვენი მეზობლებიც დაწყნარდებიან. იცხოვრონ ჩვენთან ერთად ტკბილად. მინისტრებიც, პარლამენტარებიც გახდებიან, ოღონდ ყველამ ქართული საქმე უნდა აკეთოს. ქართველმა ხალხმა თავისი დამოკიდებულება იმით გამოხატა, რომ თბილისის მფარველი წმინდანი არის არაბი „აბო თბილელი“. ამით ყველაფერი ნათქვამია.
ბაია ამაშუკელი
საქინფორმი