სამართალი
შაშიაშვილი: „მომავალი ბუნებრივ და არა მექანიკურ ერთობაშია“

shashiashთბილისი, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრების“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, მოძრაობის ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი „ექვსიანის“ დაშლასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს:

„ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. კარგი იქნებოდა, „რვიანს“ ბოლომდე მიეყვანა საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები. სახელისუფლო გადახრის ორმა პარტიამ როცა „რვიანიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე არ  მიიყვანა,  ღალატის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა.

უკანასკნელი ორი ათწლეულის, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს, პოლიტიკური სივრცე ვერ გასცდა პოლიტიკოსთა მექანიკურ, არაბუნებრივ ერთობებს. სამწუხაროა, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში ერთხელ არ შედგა პარტიათა ბუნებრივი ერთობა. სწორედ ამის, ანუ მექანიკური და არაბუნებრივი ურთიერთობების და ხელისუფლებასთან გარიგებული პარტიების ქმედების შედეგია რევოლუციები, ქუჩის პოლიტიკის გაძლიერებაც და ის, რომ პარლამენტში პრაქტიკულად ვერ ხვდება რეალური ოპოზიცია.

სამწუხაროა, რომ  მოსახლეობაც აიძულებს პარტიებს მექანიკური ერთობისაკენ და შეუთავსებელთა შეთავსების ყოვლად წარმოუდგენელი ნაბიჯებისაკენ.

ჩვენ ადრეც  არაერთხელ აღვნიშნეთ და დღესაც ვიმეორებთ, განსხვავებულთა ერთობა  თითოეულის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. გაუგებარ და  მექანიკურ ერთობათა გამო ბევრი, უაღრესად საინტერესო და ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი დასრულდა, ხელისუფლება კი  გაძლიერდა.

ამ დაშლამ იქნებ ყველა გადაარჩინა. იმ ერთობით შეიძლება ყველა დაღუპულიყო.

საქართველოს მომავალი ერთად მდგომ პარტიათა სიმრავლეში კი არ არის, საქართველოს მომავალი არის ხალხის (ანუ მთავარი ოპოზიციური ძალის) ზნეობრივი ავტორიტეტების – საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების ერთობაში, რომელიც დაეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ხედვებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: დღევანდელი საქართველო –  ეს არის ამბიციური და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების შედეგი. პოლიტიკოსს ამბიცია უნდა ჰქონდეს, ამასთან – მისი შესაბამისი პასუხისმგებლობაც. მე, პირადად (ვიცი ეს არის „თეთრების“ განწყობაც), გაცილებით მეტ ადამიანს ვხედავ პოლიტიკურ პარტიებს გარეთ, ვისაც ამ ეტაპზე შეუძლია დიდი საქვეყნო საქმის კეთება, იმასთან შედარებით, ვინც დღეს პოლიტიკაშია.

აშკარაა, რომ ქვეყანას სჭირდება სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ერთობა, ვიდრე დღეს ეს რეალურად ჩანს.

საქვეყნო კაცი და პოლიტიკოსი არის არა ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს მაღალ სახელმწიფო ეშელონებში, არამედ ის, ვინც ფიქრობს და მოქმედებს კიდეც, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ღირსეული ადამიანები; ვინც ფიქრობს და მოქმედებს, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს დღევანდელი უღირსი ხელისუფლების დიქტატისაგან.

ეჭვი არ მეპარება, რომ ამ წლის ბოლომდე საქართველოში შედგება ასეთ პოლიტიკოსთა და ასეთ პოლიტიკურ პარტიათა ბუნებრივი ერთობა. მით უფრო, რომ ამის ელემენტები გამოჩნდა „რვიანისა“ და ექვსიანის“ დაშლითაც და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის თაობაზე განცხადებითაც“.