აქტუალური
„თბილისობა“ იწყება

tbilisobaaaaთბილისი, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს „თბილისობის“ დღესასწაული იწყება. საზეიმო ღონისძიებები 7-8-9 ოქტომბერს გაიმართება.

„თბილისობა“  12:00 საათზე საწნახელის ცერემონიით გაიხსნება, რომელიც მეიდანზე პოპმუსიკის კონცერტის თანხლებით მოეწყობა. დღესასწაულის ტრადიცია წელსაც არ დაირღვევა და მტკვარზე მუსიკალური პროგრამის თანხლებით ტივით გასეირნება 12:00-დან 17:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ხვალ კი აბანოთუბანში ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

9 ოქტომბერს  ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე თავის ახალ გამოფენას – „ცის თაღი გვირგვინად“ – 13:00 საათზე მშვიდობის ხიდზე მოაწყობს. მის პარალელურად რიყის ამფითეატრში ახალგაზრდებისთვის ერთდღიანი შეხვედრა პოეტებთან და მხატვრებთან მოეწყობა.

„თბილისობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – ლიტერატურული კონკურსი „გალას“ დაჯილდოების ცერემონიალი ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა. დიდ საკონცერტო დარბაზში კი მომღერალი ლელა წურწუმია 11-წლიანი პაუზის  შემდეგ სოლო კონცერტს გამართავს. ამავე დღეს გათანამედროვებული მიუზიკლი „ქეთო და კოტეს“ ნახვა მაყურებელს რუსთაველის თეატრში შეეძლება. 20:00 საათზე კი ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი „ერისიონი“ საიუბილეო კონცერტს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს, რითაც „თბილისობა 2011“ დასრულდება.