სამართალი
„ექვსიანი“ ალასანიამ და „ფორუმმა“ დაშალეს

eqvsianiaaთბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. „კონსერვატიულმა პარტიამ“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს გზამ“ და „ხალხის პარტიამ“ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ექვსიანის“ დაშლაში „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ეროვნულ ფორუმს“ ადანაშაულებენ.

„ბოლო ხანებში გაირკვა, რომ კოალიციის ორი დამფუძნებელი პარტნიორი – „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“, სხვადასხვა მიზეზის გამო, სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობენ და გვთავაზობენ დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ორიოდე თვის წინ საჯაროდ გაცხადებულ პოზიციებზე და გეგმებზე პარტნიორების მიერ უარის თქმა, ვინაიდან დღეს კიდევ უფრო ცხადია, რომ საარჩევნო გარემოს საკითხებზე მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის მოპოვება და დემონსტრირება შეუძლია მხოლოდ მჭიდროდ ინტეგრირებულ, მზარდი რეიტინგის მქონე, არჩევნებზე მყარად ორიენტირებულ პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს, არამედ საარსებო გარემოს შესაცვლელადაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ქმით, „პარტნიორებმა საბოლოოდ უარი განაცხადეს სადამფუძნებლო შეთანხმების მიხედვით საქმიანობაზე და, შესაბამისად, კოალიცია „თავისუფალი არჩევანისთვის“ აღარ ფუნქციონირებს“.

„ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ სწორი პოლიტიკური პროექტის შესაქმნელად, ასამოქმედებლად და შესანარჩუნებლად და ვწუხვართ მისი ამგვარი დასასრულის გამო. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გეგმებს, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ ინდივიდუალურ რეჟიმში“, – აღნიშნულია განცხადებაში.