წარმოშობით ქართველმა რუსმა ბიზნესმენმა ბორის ივანიშვილმა, რომელსაც, ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, მდიდართა რეიტინგში 25-ე პოზიცია უკავია და რომლის ქონება 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოში პოლიტიკაში ჩაბმა გადაწყვიტა. მილიარდერი ოფიციალურ განცხადებას ამზადებს იმის თაობაზე, რომ პარტიას ქმნის და საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ქართული ბიზნესელიტის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია დაუფარავი სიხარულით მიიღეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ პროექტი არ ჩავარდება.
ბორის ივანიშვილის ქონება მისი მშობლიური საქართველოს წლიურ ბიუჯეტს რამდენჯერმე აღემატება. ის გახლავთ ბანკი „რუსეთის კრედიტის“ დამაარსებელი და „იმპექსბანკის“ ყოფილი მფლობელი, მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილი მფლობელი. ამჟამად ის მმართველ კომპანია „უნიკორს“ ფლობს, რომელიც ფინანსურ და სამრეწველო სექტორში, აგრეთვე, ვაჭრობის სფეროში აქტივებს მართავს.„ძნელია ივანიშვილის კრემლთან კავშირზე ეჭვის აღება, მისი ბიზნესი რუსეთში აღარ არის, – ამბობს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი მუხინი, – როგორც ჩანს, ივანიშვილს, ასე ვთქვათ, კარგმა ხალხმა სთხოვა. გაუგებარია, ვინ არიან ისინი, მაგრამ ლაპარაკია ბიზნესმენის სურვილზე – მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ცხოვრებაში. საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერცერთ მსხვილ ოლიგარქთან ვერ გამონახა საერთო ენა – ვერც კახა ბენდუქიძესთან, ვერც ბადრი პატარკაციშვილთან. საქართველოს საქმიან წრეებს კი ამჟამინდელი პრეზიდენტის რეჟიმი ხელს არ აძლევს“.
„ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა ზედმეტ საჯაროობას, მაგრამ მან ფული იშოვა, რომელიც, როგორც ცნობილია, ციდან არ ცვივა. ივანიშვილი შემოქმედია, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები არ ცდებიან“, – ასე მიიჩნევს რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია. „შემიძლია მხოლოდ ღმერთს მადლობა შევწირო ამ ახალი ამბისათვის“, – ემოციებს არ მალავს ბატონი ხუბუტია და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ის ბიზნესმენია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობას სათანადოდ აფასებს და ესმის, რომ ამ ორი მეზობელი ქვეყნის დაშორება არ შეიძლება.
მსხვილ ბიზნესმენებს უკვე განუცდიათ წარუმატებლობა ქართულ პოლიტიკაში. 2004 წელს პოლიტიკური კარიერის აწყობა სცადა „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების“ ყოფილმა მფლობელმა კახა ბენდუქიძემ. მან ჯერ ეკონომიკური განვითარების მინისტრად წაიმუშავა, მერე – სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის დარგში და მთავრობის კანცელარიის უფროსად. 2009 წელს ბენდუქიძე გადადგა და მას შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა აღარ მიუღია.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თანამედროვე ისტორიაში არა მხოლოდ ბიზნესმენები, ზოგიერთი პოლიტიკოსიც სერიოზულად ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის მმართველი რეჟიმის ოპოზიციის შექმნას, თანაც – რუსეთის მხარდაჭერით. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელმა, რომელსაც 2005-2007 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოპოზიციური მოძრაობა „სამართლიანი საქართველო“ ჩამოაყალიბა, მაგრამ, საბოლოოდ, თანამოაზრეები შემოეფანტა.
ისინი, ვინც ბორის ივანიშვილს იცნობს, დარწმუნებული არიან, რომ მას ასეთი რამ არ დაემართება. „მიმაჩნია, რომ ივანიშვილი სულ სხვა ვარიანტია. ის მხოლოდ იმისთვის მიდის ამაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობა გადაარჩინოს“, – ამბობს ბატონი ხუბუტია და თავის მხრივ პირობას დებს, რომ რუსეთის ქართველთა კავშირი, რომელსაც იგი თავკაცობს, მხარს დაუჭერს ბიზნესმენის პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.
სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი სიმონ ბაღდასაროვი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლაც საკმაოდ სერიოზული ხალხი უპირისპირდება, „იგივე ნინო ბურჯანაძე“, მაგრამ ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება ჯერ ვერავინ მოახერხა. „ამგვარი პროექტები დროდადრო იქმნება, მაგრამ რეალურ პერსპექტივებს ვერ ვხედავ. სააკაშვილი ძლიერი, გაქნილი პოლიტიკოსია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლების სათავეში დარჩეს“, – სკეპტიკურად აღნიშნავს ის.
სვეტლანა მაკუნინა
www.rbcdaily.ru
2011 წლის 6 ოქტომბერი