საზოგადოება
თუ ბიჭი დაიბადება, გიორგის დაარქმევენ, თუ ვლადიმერს?

sarkooooo1თბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ხვალ, 7 ოქტომბერს, კავკასიური ტურნეს დასასრულს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, ამავე დღეს, 17:30 საათზე, სარკოზი ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან ერთად თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ქართული ნაციონალური ტელეარხების გადმოცემით, საფრანგეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ სურს ქართველი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა და მხარდაჭერის დაფიქსირება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გააკეთა.

მკითხველს კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც საქართველოში 5 ქვეყნის ლიდერები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყო სარკოზიც, თუმცა მაშინ ის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით არ გამოსულა, მიუხედავად იმპროვიზებულ აქცია-კონცერტზე შეკრებილი ხალხის სკანდირებისა: „სარ-კო!“, „სარ-კო!“, „სარ-კო!“ მოგვიანებით კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარკოზიმ საჯარო გამოსვლა თავად არ ისურვა. საფრანგეთის პრეზიდენტის მაშინდელ ვიზიტზე ბრიუსელის ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რონალდ ასმუსმა საკუთარ წიგნში ისაუბრა, სადაც დაწვრილებით აღწერა ის საღამო: „დამღლელი დღით გათანგული სარკოზი სულ უფრო და უფრო გაღიზიანებული და მოუთმენელი ჩანდა. ის მაღალ ტონებზე დაბეჯითებით მოითხოვდა ქართველებისგან, ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. „სად არის ბუში? სად არიან ამერიკელები? – ეკითხებოდა ქართულ დელეგაციას, – ისინი არ მოდიან თქვენს გადასარჩენად. არცერთი ევროპელი არ მოდის. თქვენ მარტონი ხართ. თუ ხელს არ მოაწერთ, რუსული ტანკები მალე აქ იქნებიან...“

რაც შეეხება მის ახლანდელ ვიზიტს, როგორც „როიტერი“ იტყობინება, სარკოზის მთავარი მიზანი იქნება საქართველოს რუსეთთან უფრო კონკრეტული დიალოგის დაწყების მოწოდება. საუბრობენ იმაზეც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას კატეგორიულად მოსთხოვს, მეტად აღარ შეაფერხოს რუსეთის „ვე-ტე-ო“-ში გაწევრების პროცესი და ამ კუთხით რეალური ნაბიჯები გადადგას.

კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც ამ ვიზიტს უკავშირდება: სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი „სარკოს“ ფილარმონიის შენობასთან საპროტესტო აქციით ხვდება. გარდა ამისა, ხალხის „მოსაგროვებლად“ ხელისუფლებამ 7 ოქტომბერი, რომელსაც ხუმრობით უკვე შეარქვეს „სარკოზობის“ დღესასწაული, უქმე დღედ გამოაცხადა და სახელმწიფო უწყებების უკლებლივ ყველა თანამშრომელზე გასცა ბრძანება, გავიდეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე!

მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 7 ოქტომბერი უქმედ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადდა, თუმცა მკითხველისთვის, ალბათ,  ყოველგვარი კომენტარის გარეშე ნათელია – რატომაც... სარკოზისთვის ხელისუფლებას კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს – თურმე წავკისში ერთ-ერთ ქუჩას მის პატივსაცემად სარკოზის ქუჩა ეწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტისთვის სიურპრიზები ამით არ იწურება – როდესაც „სარკო“ თავისუფლების – „წმინდა გიორგის“ – მოედანზე სიტყვით გამოვა, შესაძლოა, სწორედ მაშინ შვილი შეეძინოს, რადგან საფრანგეთის პირველ ლედი – კარლა ბრუნი გუშინ სამშობიაროში წაიყვანეს და ის დღე-დღეზე ბავშვს ელოდება! ჰოდა, ამბობენ – თუ ეს დამთხვევა მართლაც მოხდა და სარკოზის ვაჟი ეყოლა, ბატონი ნიკოლა მას გიორგის დაარქმევსო! თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ხვალ ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეა, ბიჭს შესაძლოა ვლადიმერიც დაარქვან...

საგანგებოდ ვაფრთხილებთ საფრანგეთის საელჩოს საქართველოში:  ვაჟის შეძენის შემთხვევაში საქართველოში თოფის სროლა იციან და მერე „ქართველთა დიდ ფრანგ გულშემატკივარს“ ტერაქტის მოწყობის მცდელობა არ ეგონოს!

საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ კი დავამატებთ, რომ ხვალ, 2011 წლის 7 ოქტომბერს, საქინფორმის კორესპონდენტი თავისუფლების მოედნიდან იმუშავებს და „დღის, კვირის, თვისა და წლის მთავარი მოვლენის“ ეპიცენტრიდან პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

ლევან სულაშვილი 

საქინფორმი