საზოგადოება
„მესაფლავენი“ ერთიანდებიან

solidarobaთბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ორგანიზაცია გარკვეული პერიოდია, ამზადებს დოკუმენტს, რომელიც ეხება „ნდობის ჯგუფების“ მუშაობის საფუძვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია და განსახილველად და დასახვეწად დაიდო „თეთრების“ საიტზე, მან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია რეგიონებში. ჯერ კიდევ დაუსრულებელი დოკუმენტის პროექტის რჩევების გათვალისწინებით სულით თავისუფალ მოქალაქეთა ჯგუფების შესაქმნელად პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ფოთში, ბათუმში, ზესტაფონში. ხოლო ქუთაისში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პრეს-ალტერნატივამ“ მუშაობის აქცენტირებულ ორიენტირად სწორედ აღნიშნული მიმართულება მიიჩნია და უკვე ინტერნეტსაიტიც კი მოამზადა რამდენიმე საინტერესო მასალით.

ორგანიზაცია თვლის, რომ ასეთი ყურადღება მისასალმებელია იმ რეგიონებიდან. რომლებსაც ხელისუფლება თავისი სიძლიერის საყრდენად მიიჩნევს და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აცხადებს, თუ როგორ აშენებს ყველაზე ევროპულ „ბათუმს“, ყველაზე მაგარ ფოთს“, „ყველაზე ძლიერ“ ზესტაფონს, საქართველოს მეორე დედაქალაქს – ქუთაისს.

„ძალიან კარგია ის, რომ ბევრი ექსპერტი, სპეციალისტი, პრობლემით დაინტერესებული ადამიანი დებულების საბაზისო მასალის გაცნობისთანავე თვლის, რომ „ნდობის ჯგუფები“ იქნებიან ამ ხელისუფლების მესაფლავეები, ხოლო მათ მიერ ჩატარებული მუშაობის ამსახველი დოკუმენტები – ეპიტაფია ხელისუფლების სიმბოლურ საფლავის ქვაზე“, – ნათქვამია „თეთრების“ განცხადებაში.