როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, სავაჭრო-საგამოფენო კომპლექსი „გოსტინი დვორ“, რომელიც მოსკოვის კრემლიდან 150 მეტრზეა განლაგებული, დეკემბერში თითქმის მთლიანად გაიყიდება. კუთვნილ ფართობს გაყიდის არა მარტო მოსკოვის ქონების დეპარტამენტი, არამედ მეორე თანამფლობელიც - რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია.
კომპლექსი ილინკაზე მთლიანად გაიყიდება
რუსეთის აუქციონის სახლს 6 ოქტომბერს აუქციონზე უნდა გამოეტანა ღია სააქციო საზოგადოება „ილინსკოე პოდვორიეს“ 49%, საწყისი ფასით 1, 491 მილიარდი რუბლი. ეს კომპანია „გოსტინი დვორში“, რომლის საერთო ფართობი 80 ათასი კვ მეტრია, მხოლოდ 17,5 ათას კვ მეტრს ფლობს. ღია სააქციო საზოგადოება მერიამ 2005 წელს შექმნა „გოსტინი დვორის“ ფართობის ნაწილზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობისათვის. პროექტის თანაინვესტორები ბატონი ხუბუტიას სტრუქტურები უნდა გამხდარიყვნენ, რომელიც ამავე დროს „ილინსკოე პოდვორიეს“ 51%-ს მიიღებდა.მაგრამ როგორც „კომერსანტს“ რუსეთის აუქციონის სახლიდან აცნობეს, დაგეგმილი აუქციონი დეკემბრის დასაწყისისთვის გადაიდო. ეს მოსკოვის ქონების დეპარტამენტშიც დაადასტურეს. ვადის გადადება ლოტის გამსხვილებით ახსნეს. ჯერ ერთი, მიხეილ ხუბუტია ქალაქთან ერთად წილის გაყიდვას დათანხმდა, ანუ „ილინსკოე პოდვორიეს“ 100% ლოტი გახდება. მეორეც, მოსკოვი ინვესტორებს თითქმის მთლიანად შესთავაზებს ქალაქის ღია სააქციო საზოგადოება „გოსტინი დვორის“ ბალანსზე დარჩენილ 60 ათას კვ მ-ს. მოსკოვის ქონების დეპარტამენტთან დაახლოებულმა წყარომ „კომერსანტთან“ საუბარში დააზუსტა, რომ დეკემბერში აუქციონზე გავა 77,52 ათასი კვ მ, ანუ მთელი ობიექტის 97%. დაახლოებით 2,5 ათას კვ მ-ს ქალაქი გამოფენების ჩასატარებლად დაიტოვებს.
„პროექტიდან გამოსვლა არ გვინდოდა, მაგრამ იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ, რამდენადაც ქალაქი მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა ჩვენს წინადადებას ბლოკავს“, – დაუდასტურა „კომერსანტს“ მიხეილ ხუბუტიამ. თავდაპირველად მერიამ მთელი „გოსტინი დვორი“ 4,5 მილიარდ რუბლად (დაახლოებით 150 მლნ აშშ დოლარი) შეაფასა, ანუ 1 კვ მ – 1,9 ათას დოლარად. ქალაქის ქონების დეპარტამენტში ამ შეფასების კომენტარს არ აკეთებენ. რუსეთის აუქციონის სახლის გენერალური დირექტორის – ანდრეი სტეპანენკოს, პროგნოზით, ფასი შესაძლოა, ორი კვირის განმავლობაში დამტკიცდეს. „Praedium Oncor International“-ის მმართველი დირექტორის – მიხეილ გეცის, გამოთვლით კი, „გოსტინი დვორში“ ფულის ნაკადის გენერირება მხოლოდ ფართობის ერთ მესამედს შეუძლია, ეს ობიექტის საბაზრო ღირებულებაზე აისახება, რომელმაც შესაძლოა, მაქსიმუმ, 235 მლნ აშშ დოლარი შეადგინოს, ანუ 3 ათასი აშშ დოლარი 1 კვ მ-ზე.
„გოსტინი დვორი“, რომელიც 1830 წელს ჯაკომო კვარენგის პროექტით აშენდა, არქიტექტურულ ძეგლებს მიეკუთვნება და რეკონსტრუქციას საჭიროებს. ბატონი გეცის აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ახალი მფლობელი მაღაზიებისა და ოფისების ოპერატორთა მოზიდვას და ფართობის გაქირავებით წელიწადში დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარის გამომუშავებას. „სპარკ-ინტერფაქსის“ მონაცემებით, 2010 წელს მთელი „გოსტინი დვორის“ მოგება 48 მილიონი რუბლი (1,6 მილიონი აშშ დოლარი) იყო. „რეკონსტრუქციის დანახარჯმა შესაძლოა, 1 კვ მ-ზე 3 ათას დოლარს გადააჭარბოს. ახალი მშენებლობის თვითღირებულება ორჯერ უფრო ნაკლები იქნებოდა“, – სკეპტიკურად არის განწყობილი „ტრენდ დეველოპმენტის“ თანამფლობელი ანდრეი ნესტერენკო (რომელიც ლუბიანკაზე „ბავშვთა სამყაროს“ რეკონსტრუქციას კურატორობდა).
2010 წლის ბოლოს მოსკოვის ქონების დეპარტამენტი აპირებდა, ღია სააქციო საზოგადოება „გოსტინი დვორის“ ბალანსზე გადაეცა საგამოფენო კომპლექსი „მანეჟი“ (15 ათასი კვ მ). „კომერსანტის“ წყარო დეპარტამენტში ამტკიცებს, რომ დაგეგმილია „მანეჟის“ ცალკე ლოტად გაყიდვა, თუმცა თარიღი უცნობია.
ხალილ ამინოვი, ანა პუშკარსკაია: „გოსტინი დვორი“ აუქციონზე აღმოჩნდა“
www.kommersant.ru
2011 წლის 5 ოქტომბერი