თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ხელისუფლების ორმაგი სტანდარტით ქმედება დევნილთა მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცილდება – ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გადადის დაუფარავ ცინიზმში. ხელისუფლება მათ ყოფს „ხელისუფლებისათვის მისაღებ და მიუღებელ“ დევნილებად, „შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელ დევნილებად“.
ამ ქმედების დასადასტურებლად პარტიას მოჰყავს თბილისში, გლდანის პირველ მიკრორაიონში მდებარე ი. გოგებაშვილის სახელობის კოლეჯის შენობიდან დევნილთა გამოსახლებისა და იქ „ხელისუფლებისათვის მისაღებ“ დევნილთა ჩასახლებისთვის შენობის მომზადების მაგალითი.
ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ოფისს მიმართეს აღნიშნული შენობიდან იძულებით გამოსახლებულმა დევნილებმა, რომელთა გადმოცემით, მათ ყოფილ საცხოვრებელში ხელისუფლება აპირებს „პრივილეგიური“ დევნილების შესახლებას, რაც მათთვის არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელიცაა, რისთვისაც სთხოვეს აღნიშნული საქმის შესწავლა და დახმარება.მდგომარეობის გასარკვევად „თავისუფალმა საქართველომ“ მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ დევნილთა სამინისტრო გეგმავს აღნიშნულ შენობაში დევნილთა შესახლებას. კითხვაზე – დააბრუნებენ თუ არა უკან იმ დევნილებს, ვინც ამ შენობაში ცხოვრობდა და დღეს ქუჩაში ღვთის ანაბარა არიან დაყრილი, მათი პასუხი უარყოფითი იყო.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედება სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ საფუძველს და არის სრულიად უსამართლო. „მიუღებლად მიგვაჩნია სახელისუფლებო უმაღლესი პირების ქმედება, რომელიც დევნილებს ყოფს პრივილეგიურ და არაპრივილეგიურებად, „ნაციონალებად“ და „არანაციონალებად“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიის მოთხოვნაა, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შენობიდან გამოსახლებული დევნილები დააბრუნოს საკუთარ საცხოვრებელ ფართში.