საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თავად ცხოვრებამ გვიკარნახა - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, თუმცა არსებობს გარკვეული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ჰუმანიტარული საკითხები», - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დაგეგმილი შეხვედრისა და ოპოზიციის კრიტიკის კომენტირებისას.
მისი თქმით, ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ოპოზიციის კრიტიკას „გროშის ფასი აქვს“.
„როგორც მოგეხსენებათ, ეს ფორმატი უკვე ათწლეულებია არსებობს და თავისი მნიშვნელობა აქვს. თუ არ ვცდები, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს ფორმატი შეჩერებული იყო, თუმცა დღეს მისი აღდგენის აუცილებლობა თავად ცხოვრებამ გვიკარნახა. როგორც იცით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, თუმცა არსებობს გარკვეული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, არის ჰუმანიტარული საკითხები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით დიალოგის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავი პრაქტიკული საკითხია გადასაწყვეტი.
რაც შეეხება ოპოზიციის ნეგატიურ დამოკიდებულებას, გასაგებია, რომ ოპოზიციას არაფერი მოსწონს იქიდან, რამაც რეალურად შეიძლება საქართველოს ეროვნული ინტერესების რეალიზებას შეუწყოს ხელი. შევახსენებ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კრიტიკით გამოდიან, რომ მათი, ასე ვთქვათ, „საქართველოს წამგები პრეზიდენტი“ ამ ომის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ყველა ტრიბუნიდან, მათ შორის ევროპული ტრიბუნიდან, აცხადებდა: „მზად ვარ შევხვდე ვლადიმერ პუტინს“ - ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ყველას კარგად ახსოვს მისი ქმედებები საზღვარზეც. ამიტომ მათ კრიტიკას გროშის ფასი აქვს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ამ უცხოური აგენტურის განცხადებებს. ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.