საზოგადოება
ბერა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, თუ სააკაშვილის დაკვეთა?

beraთბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ელზა ნაბახტეველმა განმარტა, ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – ივანიშვილის ეს განცხადება ნაბახტეველმა გაახმიანა.

ბიზნესმენისა და მომავალი პოლიტიკოსის განცხადების სრული ტექსტი მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გავრცელდება, თუმცა პრესსამსახური არ აკონკრეტებს, როდის წარდგება თავად ბიზნესმენი ქართველი საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინაშე.

ამასთან, ივანიშვილის ზემოაღნიშნული განცხადების ტექსტი გამოქვეყნებულია ბიზნესმენის ვაჟის - მუსიკოსისა და მომღერლის - ბერა ივანიშვილის „Facebook“-ის გვერდზე, სადაც იგი ბოლოს წერს: დროა, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება!!! ბერა.

ვერ იტყვი, რამდენად ასრულდება „ქართული ოცნება“ ყმაწვილისა, რომელსაც საქართველოსთან ცოტა რამ თუ აკავშირებს (გარდა ქართული გვარისა).

საქინფორმი თავს იკავებს „ჯერარდაბადებული ბავშვის“ კომენტირებისაგან, თუმცა წარმოადგენს რა არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ ანალიტიკურ სააგენტოსაც, დღესვე შეუძლია განაცხადოს შემდეგი:bera2

  1. საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ფიგურასთან დამოკიდებულება ძალზედ არაერთმნიშვნელოვანია. ამ პიროვნებით უკმაყოფილოა იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც საკუთრება და სახლი დაკარგა ბიზნესმენის მიერ ობიექტებისა თუ ტერიტორიების შეძენის გამო;
  2. ივანიშვილისათვის უმუშევრებისა და უკიდურესად გაჭირვებულების ფართო ფენას ვერ უპატიებია მოქმედი ხელისუფლებისათვის მისი მრავალმილიონიანი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით – არმიის მშენებლობიდან დაწყებული, საქართველოს მთავარი საკათედრო წმ. სამების ტაძრის აგებით დამთავრებული, რამაც უბრალო ხალხის თვალში აშკარად დიდი ხანია, გადაწონა ბიზნესმენის ქველმოქმედება;
  3. უარყოფითად აისახა ივანიშვილის იმიჯზე მისი ვაჟიშვილის – ბერას, გამოჩენა სხვადასხვა გასართობ თოქშოუსა და კლიპში ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე – „რუსთავი 2“- სა და „იმედზე“, სადაც აბსოლუტურად შეუძლებელია ნებისმიერი პიროვნების მოხვედრა (თუნდაც რობიკო სტურუას მასშტაბის), თუ ეს მმართველი ძალისგან არ არის სანქცირებული. ამას მივყავართ იმ აზრამდე, რომ ივანიშვილმა სააკაშვილისგან მორიგი დავალება მიიღო – არჩევნებში მონაწილეობა, რათა

–  ხმები თავისკენ გადაქაჩოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მასებისთვის გაერთიანების საშუალების მიუცემლობით;

–  ჩადოს წინასაარჩევნო კამპანიაში ფული (უკიდურესად გაჭირვებული საქართველოს მოქალაქეების ხმები ბიზნესმენს ძვირი არ დაუჯდება, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოქმედებითი ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენლისათვის მიცემული სოლიდური პრემიები ივანიშვილს ქართველი ელიტის ნაწილის ხმებით უზრუნველყოფს);

–  შედეგად – ბატონი ბიძინა „პატიოსნად წააგებს“ ხელისუფლების სასარგებლოდ და ამასთან, რამდენიმე საპარლამენტო მანდატსა და კარტ-ბლანშს მიიღებს თავისი ბიზნესგეგმების განსახორციელებლად და საქართველოში დასაბრუნებლად, რომელიც, როგორც უწინ საქინფორმი იუწყებოდა, რამდენიმე თვის წინ სასწრაფოდ დატოვა, როგორც ამბობენ, იმის გამო, რომ უარი თქვა ათობით მილიონით დოლარით სააკაშვილის ხელისუფლების დახმარებაზე.

 

საქინფორმი