პოლიტიკა
პრეზიდენტის „Facebook“-ის გვერდი გატეხეს

saitiთბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. სოციალურ ქსელ „Facebook“-ში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გვერდი ჰაკერების შეტევის გამო რამდენიმე საათით დაიბლოკა. „ოფიციალური გვერდი ჰაკერების შეტევის გამო დროებით რამდენიმე საათით დაიბლოკა. გვერდის აღდგენა მალევე მოხერხდა და ახლა ჩვეული რეჟიმით აგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნულია განმარტებაში.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში საკუთარი გვერდი ცოტა ხნის წინათ გახსნა. პრეზიდენტის პროფილი 3344-მა ადამიანმა უკვე მოიწონა. სააკაშვილს საკუთარ გვერდზე განთავსებული აქვს ფოტოები, მათ შორის, ოფიციალური და მოსახლეობასთან შეხვედრების ამსახველი. პრეზიდენტს აქვს, ასევე, საკუთარი გვერდი „ტვიტერსა“ და „იუთუბიზე“.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია მისი ადმინისტრაციის ადგილმდებარეობა, სააკაშვილის დაბადების ადგილი და თარიღი, ასევე, თანამდებობა. პოლიტიკურ შეხედულებებში სააკაშვილს – „ძალიან ლიბერალური“, ხოლო რელიგიურ შეხედულებებში „ორთოდოქსი ქრისტიანი“ აქვს მითითებული. პრეზიდენტის გვერდის კედელზე ფართოდ არის წარმოდგენილი მისი საქმიანობის ამსახველი ტექსტობრივი და ვიდეომასალა.