თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ დაიწყო 2013 წლის „მწვანე ბარათის“ ლატარეაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, „მწვანე ბარათი“ გათამაშების მონაწილეებს აშშ-ში ლეგალური ემიგრაციის საშუალებას აძლევს. გამარჯვებულს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კომპიუტერი ავლენს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში გაიცემა 55 000 საემიგრაციო ვიზა აშშ-ში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
ლატარეაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში. განაცხადების მიღება 5 ნოემბერს დასრულდება.ერთადერთი ვებგვერდი, საიდანაც თქვენი განაცხადის გაგზავნა შეიძლება, არის www.dvlottery.state.gov. „მწვანე ბარათის“ ლატარეაში მონაწილეობისათვის განაცხადის შეტანა უფასოა.
2012 წლის 1 მაისიდან მხოლოდ www.dvlottery.state.gov ვებგვერდზე შეგეძლებათ შეიტყოთ, გაიმარჯვეთ თუ არა ლატარეაში. ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება იმ სარეგისტრაციო ნომრის მითითება, რომელიც განაცხადის შეტანისას მოგენიჭათ. გამარჯვებულებს ინფორმაცია არ გაეგზავნებათ არც ელექტრონული და არც ჩვეულებრივი ფოსტით.
აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, არ ისარგებლონ კერძო საშუამავლო კომპანიების ან თარჯიმანთა ბიუროების მომსახურებით გათამაშებაში მონაწილეობისათვის განაცხადის შევსებისას. საელჩოს წარმომადგენელთა განცხადებით, მათი საქმიანობა ხშირად თაღლითობასთანაა დაკავშირებული. პირმა, რომელიც შუამავალი კომპანიების მომსახურებით ისარგებლებს, შესაძლოა, ვერ მიიღოს აშშ-ის ვიზა.